პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ლარის გაუფასურებას ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. როგორც პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ნეგატიური ზემოქმედება მოახდინა ქართულ ეკონომიკაზე.
„ამასთან ერთად ბუნებრივია ნეგატიურ მოლოდინებზე მნიშვნელოვნად აისახა ის გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება პირდაპირი ფრენების აკრძალვას და შესაბამისად ტურისტების რაოდენობას რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში. მაგრამ ამავე დროს ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენ გვაქვს საქმე ისეთ საკითხებთან, რომელიც ძალიან მოკლევადიანი და დროებითია. ეს ყველაფერი დამშვიდდება. ქვეყანა არის თავისი სტაბილური განვითარების კალაპოტში და ამავე დროს თითოეული ფუნდამენტური ფაქტორი ჩვენს ეკონომიკაში, რომელიც განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, არის საკმაოდ კარგ ნიშნულზე. შესაბამისად, ჩემი დასკვნაც ასეთია, რომ სამწუხაროდ ამ პროცესებმა ნეგატიური დისონანსი შეიტანა ეკონომიკურ ცხოვრებაში, მაგრამ ამავე დროს მაკროეკონომიკური ფაქტორები არის საკმაოდ ჯანსაღი, შესაბამისად ჩვენ რაღაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ამ თვალსაზრისით არ ველოდებით. რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უფრო აქტიურად უნდა ვიმუშაოთ იმ პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც შეგვექმნა ამ მოკლევადიან პერიოდში და ამავე დროს უფრო ეფექტურად დავნერგოთ ის სამთავრობო პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც ითვალისწინებს სწორედ იმას, რომ საქართველო იყოს ნაკლებად მოწყვლადი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.