ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის, რომ არ შემცირდეს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების რაოდენობა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა ლარის გაუფასურების გამომწვევ მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამაზე გავლენა, მათ შორის რუსეთთან პირდაპირი რეისების გაუქმებამ მოახდინა. ამასთან პრემიერმა აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურებასთან გამკლავებისთვის არსებობს როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი გეგმები.
„ჩვენ უნდა მოვახერხოთ მიმდინარე, შექმნილი პრობლემების დროული მოგვარება და ჩვენ გვაქვს შესაბამისი კომუნიკაცია ყველასთან, გვაქვს შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რომ ვუზრუნველყოთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების შემოსავალი არ შემცირდეს და დავიცვათ მათი შემოსავლები. ეს არის ძალიან ფაქიზი საკითხი. ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, მათ შორის რომ არ შემცირდეს რუსეთის ფედერაციიდან ტურისტების რაოდენობა. მეორე მიმართულება ბუნებრივია გახლავთ ის, რომ ჩვენ მოვახდინოთ კიდევ უფრო მეტად ინტეგრაცია ჩვენი ეკონომიკის, ტურისტული სექტორის, მსოფლიო ეკონომიკაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობის ქმედებები ამ მიმართულებით სრულ თანხვედრაში იქნება კერძო სექტორის ინიციატივებთან.
„ასეთ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაციები მოდის კერძო სექტორიდან, იმ ხალხისგან, რომელსაც რეალურად აწუხებს ეს ყველაფერი და ამავე დროს აქვთ კონკრეტული იდეები, როგორ შეიძლება მათი დახმარება. ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან ყოველდღიურ რეჟიმში, რომ შევჯერდეთ იმ მოქმედებებზე, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ ავიცილოთ თავიდან ცუდი სცენარები“, - განაცხადა ბახტაძემ.