თიბისი ბანკმა აშშ დოლარში დენომინირებული, 300 მილიონი დოლარის, 5-წლიანი ევროობლიგაცია გამოუშვა. ობლიგაცია ერთდროულად განთავსდა ირლანდიის საფონდო ბირჟასა (Euronext Dublin) და საქართველოს საფონდო ბირჟაზე A კატეგორიის ლისტინგში. საპროცენტო განაკვეთი (კუპონი) ევროობლიგაციაზე 5.75%-ს შეადგენს, რაც საქართველოდან გამოშვებულ ევროობლიგაციებზე ყველაზე დაბალი პროცენტია. აღნიშნული ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია თიბისი კაპიტალმა განახორციელა. თიბისი კაპიტალის მონაწილეობით არაერთ ადგილობრივ ინვესტორს მიეცა საშუალება ამ მნიშვნელოვან ტრანზაქციაში მიეღო მონაწილეობა.
“ეს განთავსება არის უპრეცედენტო შემთხვევა, როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის, ასევე ქართული საბანკო სექტორის ისტორიაში. აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართული კაპიტალის ბაზრისთვის და საქართველოში საჯაროდ განთავსებული კორპორაციული ფასიანი ქაღალდების ბაზრის მოცულობას 88% -ით ზრდის“,-აცხადებს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.
თიბისი ბანკის ევროობლიგაცია ამჟამად საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსებული ყველაზე დიდი მოცულობის ობლიგაციაა.
როგორც საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვანია იმით, რომ გახლავთ საქართველოს ისტორიაში პირველი ორმაგი ლისტინგის (Dual Listing) შემთხვევა, როდესაც ერთი და იგივე ფასიანი ქაღალდი ერთდროულად ივაჭრება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ საფონდო ბირჟებზე.
„თიბისი ბანკის ევროობლიგაციის ორმაგი საჯარო განთავსებით შესაძლებელი ხდება საქართველოში აღნიშნული ფასიანი ქაღალდის შეძენა საქართველოს საფონდო ბირჟის და ქართული საბროკერო კომპანიების მეშვეობით. ჩვენი ვარაუდით, ეს და სხვა მსგავსი ტრანზაქციები, რომლებსაც მომავალში ველოდებით, მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივ ინვესტორთა ბაზას და ხელს შეუწყობს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას“, - განაცხადა საქართველოს საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა.