ჩინეთი და აშშ იაპონიაში დაგეგმილ დიდი ოცეულის სამიტამდე სავაჭრო ომში „ტაიმ აუტს“ იღებენ. ამის შესახებ ჩინური გამოცემა South China Morning Post-ი რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერის დონალდ ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრის შედგების მიხედვით მიიღებენ მხარეები მომდევნო ქმედების შესახებ გადაწყვეტილებას. ამასთანავე, ისინი კოორდინირებულად, თუმცა ცალცალკე გააკეთებენ განცხადებებს. აღნიშნული კი ვაშინგტონს გადაადებინებს გადაწყვეტილებას 300 მილიარდი დოლარის ოდენობის ჩინურ პროდუქციაზე ახალი ტარიფების ამოქმედებაზე.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს შეიძლება გასტანოს ამ „იძულებითმა პაუზამ“ მოლაპარაკლებებში, თუცმა ამავე წყაროების ცნობით, ამისთვის გათვალისწინებულია ექვსთვიანი ვადა.
ჩინეთი და აშშ სავაჭრო საკითხების მოგვარებისთვის მოლაპარაკებებს წლის დასაწყისიდან აწარმოებდნენ, თუმცა მაისში ისინი ჩიხში შევიდნენ. ამის ფონზე კი ვაშინგტონმა გადაწყვიტა 10 მაისიდან ამერიკაში იმპორტირებულ 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 10%-დან 25%-მდე გაეზარდა. დონალდ ტრამპმა ამავდროულად გასცა ბრძანება, დაეწყოთ მომზადება დამატებით 300 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფების გასაზრდელად. თუმცა გუშინ აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა განაცხადა, რომ შეთანხმება 90%-ით მიღწეულია და მხარეები იმედოვნებენ, რომ მიაღწევენ საბოლოო შეთანხმებას.