ვახტანგ ბუცხრიკიძე - ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ტურიზმის მიმართულებით გათვალისწინებული საგარანტიო თანხა შესაძლოა, გაიზარდოს

„2019 წელს ტურიზმის ზრდა, რაც უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, არ იქნება, თუმცა 5%-იან ზრდას მაინც ველოდებით“,- ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა სწორედ აღნიშული საკითხი განიხილეს.

„ბანკების წარმომადგენლებს გვქონდა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა ეკონომიკის მინისტრთან. საუბარი იყო იმ გამოწვევაზე, რაც ტურისტებთან დაკავშირებით შეიძლება იყოს. თქვენ იცით, რომ „თიბისი ბანკმა“ გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ რა გვალენა შეიძლება იქონიოს ამან. გავცვალეთ ჩვენი პოზიციები და მინდა გითხრათ, რომ „თიბისი ბანკის“ და ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზებს შორის დიდი განსხვავება არ არის. 2019 წელს ტურიზმის ზრდა, რაც უნდა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, არ იქნება, თუმცა 5%-იან ზრდას მაინც ველოდებით.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა თქვა, მათ უნდათ, რომ მარკეტინგული აქტივობა გაზარდონ როგორც ევროპის, ისე აზიის ქვეყნებში. შესაბამისად, კომპენსირება გააკეთონ სხვადასხვა აქტივობებში, რათა ტურისტები მოიზიდონ“,- განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.

როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, მინისტრის მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ უწყებაში არსებული, ტურიზმის ზრდის მიმართულებით განსაზღვრული საგარანტიო თანხა შესაძლოა, გაიზარდოს.

„მოგეხსენებათ, „თიბისი ბანკმა“ შაბათ-კვირის განმავლობაში უკვე გააკეთა განაცხადი და ჩვენ თითოეულ მსესხებელთან გვაქვს შეხვედრები. ინდივიდულურად ყველა მათგანთან გავდივართ საკითხს, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ამ გამოწვევათან დაკავშირებით. ბანკების მხრიდან ეკონომიკის მინისტრთან სწორედ ეს საკითხი დაისვა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ჩვენი მხრიდან. კერძოდ, როგორც იცით, ეკონომიკის სამინისტროში არსებობს საგარანტიო თანხა და ბანკების კითხვა იყო, რამდენად შესაძლებელია, რომ ამ გამოწვევასთან დაკავშირებით აღნიშნული თანხა გაიზარდოს. ამაზე საუბრისას, ეკონომიკის მინისტრი იყო საკმაოდ ღია და აღნიშნა, რომ პირველ რიგში, უნდა მოხდეს ამ თანხის ათვისება. დაახლობით, 20 მლნ ლარზეა საუბარი და გამოითქვა მზაობა, რომ მომავალში ეს თანხა შესაძლოა, გაიზარდოს“,- განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ნინი ქეთელაური