Apple-ს მთავარი დიზაინერი ტოვებს

კომპანია Apple-ს მთავარი დიზაინერი ჯონათან აივი ტოვებს. ის თანამდებობას მიმდინარე წლის განმავლობაში დატოვებს. ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ დიზაინერი ხსნის საკუთარ დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის ერთ-ერთი მთავარი კლიენტი იქნება თავად Apple. 52 წლის აივი Apple-ში 1992 წლიდან მუშაობს.

„თითქმის 30 წლის და უამრავი პროექტის შემდეგ მე ამაყი ვარ, რომ ვიმუშავე ამ კომპანიაში, რომელსაც ბადალი არ ჰყავს“ - განაცხადა აივმა.

თავის მხრივ, კომპანიის ხელმძღვანელი ტიმ კუკი ხაზს უსვამს, რომ აივი არის კომპანიის უამრავი პროდუქციის დიზაინის ავტორი, მათ შორის, სმარტფონ iPhone-ებისა და iMac კომპიუტერების, რომლის პირველი მოდელები 1998 წელს გამოვიდა. აივის ერთ-ერთი უკანასკნელ მიღწევად კომპანიაში ითვლება კომპანიის ახალი სათავო ოფისის Apple Park-ისთვის დიზაინის შექმნაში მონაწილეობა.

კოკა კვირკველია