კომპანია, რომელიც შვეიცარიის პოლიციისთვის სპეც-ქამრებს კერავს, გაფართოებისთვის ემზადება - რა გეგმები აქვს „ელსელემას“

ტანსაცმლისა და უნიფორმების მწარმოებელი კომპანია „ელსელემა“ შემოდგომაზე დამატებით 90 ადამიანს დაასაქმებს. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანიის დამფუძნებელმა ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა.

მისივე თქმით, ზაფხულის სეზონი საწარმოს გაფართოვებასა და სარემონტო სამუშაობს დაეთმობა, შემოდგომიდან კი წარმოებასთან ერთად, საერთაშორისო ბრენდებთან მოლაპარაკებებიც განახლდება.

ელგუჯა მამასახლისის ინფორმაციით, ამჟამად კომპანიაში 120-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ივლისიდან კომპანია შვებულების რეჟიმში გადადის. შესაბამისად, ამ პერიოდს საწარმოს გაფართოვებისა და სარემონტო სამუშაობისთვის გამოვიყენებთ. წინასწარი გათვლებით, წარმოების 2 ხაზს დავამატებთ (ამჟამად 4 გვაქვს).

როგორც იცით, ჩვენ საწარმოს ნაწილი უკვე გავაფართოვეთ და ახალი დანადგარებით აღვჭურვეთ. შესაბამისად, ახლა უკვე გამოთავისუფლებული ადგილის რემონტსა და დანადგარებით აღჭურვაზეა საუბარი. შედეგად, შემოდგომაზე დამატებით 90 ადამიანი დასაქმდება“,- აცხადებს ელგუჯა მამასახლისი.

აღსანიშნავია, რომ შპს „ელსელემამ“ 2011 წლიდან საერთაშორისო ბრენდების “KOTON”, MONCLER, DAMAT და CHAMELEON პროდუქციის წარმოება/ექსპორტი დაიწყო. მიმდინარე წელს კი ნიმუშები PRADA-ს დაკვეთით გააგზავნა. როგორც ელგუჯა მამასახლისი აცხადებს, მათგან პასუხს უკვე შემოდგომაზე ელოდება.

„მოგეხსნებათ, ჩვენ სპეციალური მიმართლება გვაქვს, რომლის ფარგლებშიც ბუმბულის შიგთავსით, მაღალი ხარისხის ქურთუკებსა და ჟილეტებს ვამზადებთ. თუმცა ევროპაში შეიცავალა მიდგომები, ბუმბულის გამოყენება აღარ მოხდებ. ეს უნდა ჩანაცვლდეს სილიკონით, სინთეპონით და ა.შ. ეს ჩვენთვისაც გარკვეულ სიახლეებზე გადასვლას ნიშნავს. სწორედ ამ მოთხოვნების გათვალისწინებით დავამზადეთ „პრასდასთვის“ ახლი ნიმუშები და სავარაუდოდ, მათი პასუხი შემოდგომაზე გვეცოდინება. ისევე როგორც სხვა ბრენდების“,- აღნიშნავს ელგუჯა მამასახლისი.

კონკრეტულად, რომელ საერთაშორის ბრენდებზეა საუბარი, კომპანიის დამფუძნებელი ჯერ არ ასახელებს და ამბობს, რომ ამის შესახებაც შემოდგომაზე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ სამკერვალო საწარმო „ელსელემა" 1992 წელს თბილისში დაფუძნდა. 2017 წლის სექტემბერში კი კომპანიამ კიდევ ერთი საწარმო ლანჩხუთში გახსნა. კომპანია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია.

შპს „ელსელემა“ აწარმოებს: სამხედრო და პოლიციის უნიფორმებს, სამუშაო ფორმებს, დაცვის უნიფორმებს, წყალგაუმტარ ტანსაცმელს, ბუმბულის ქურთუკებს, ყოველდღიურ ტანსაცმელს და ნაქსოვ პროდუქციას როგორც კაცისა და ქალის, ასევე ბავშვებისთვის.

გარდა ამისა, „ელსელემამ" საექსპორტო პროდუქციაში შვეიცარიის პოლიციელებისთვის სპეც-დანიშნულების ქამრებიც დაამზადა.

ნინი ქეთელაური