ავსტრალიის შტატ ვიქტორიის დაწყებით და საშუალო სკოლებში 2020 წლიდან მოსწავლეებს მობილური ტელეფონით სარგებლობა აეკრძალებათ

ავსტრალიის შტატ ვიქტორიის დაწყებით და საშუალო სკოლებში 2020 წლიდან მოსწავლეებს მობილური ტელეფონით სარგებლობა აეკრძალებათ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი აქვეყნებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება შტატის განათლების მინისტრმა, ჯეიმს მერლინომ მიიღო. მინისტრმა განაცხადა, რომ მათ მიზანს მოსწავლეების სწავლაზე კონცენტრირება და სოციალურ მედიაში მათ მიმართ დამცირების ფაქტების შემცირება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლიდან მოსწავლეები ვალდებულები იქნებიან საკუთარი მობილური ტელეფონები კარადებში შეინახონ და მათი გამოყენების უფლება სასწავლო დღის დასრულებამდე არ ექნება, მათ შორის არც შესვენებების დროს.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ და გადაუდებელ შემთხვევებში მშობელს შეუძლია უშუალოდ სკოლის ადმინიტრაციას დაუკავშირდეს, რომლებიც დროის მოკლე პერიოდში შეძლებენ ინფორმაციის მოსწავლემდე მიტანას.

ამასთანავე, ერთადერთ გამონაკლისს წარმოადგენს სკოლის მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობა. იმ შემთხვევაში თუ მოსწავლის ჯანმრთელობა მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს და ამასთანავე მას ექიმის ნებართვაც ექნება, მას მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება ექნება.

აღსანიშნავია, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონის გამოყენების აკრძალვის შესახებ კანონი უკვე არსებობს ავსტრალიაში. გასულ წელს სამხრეთ უელსის შტატში მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც მობილური ტელეფონის გამოყენება შტატის ყველა დაწყებით სკოლაში აიკრძალა.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა