ჩვენ ვმუშაობთ ყველა მიმართულებით, როგორც რუსი ტურისტების შენარჩუნების, ასევე სხვა ბაზრებზე ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო იმიჯის განმტკიცებისა და ახალი ტურისტების მოზიდვის მიმართულებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვას, მთავრობას რა გეგმა აქვს იმ ზარალის შესამცირებლად, რაც შესაძლოა რუსეთიდან ტურისტების ნაკადის შემცირებამ გამოიწვიოს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ არსებობს კონკრეტული გეგმა. მისივე თქმით, ვინაიდან ტურიზმში შეიქმნა საკმაოდ არაორდინალური ვითარება, საჭირო გახდა გარკვეული დრო იმისათვის, რომ კარგად შესწავლილიყო, რა ზომისა და დოზის ზარალი შეიძლება მიადგეს ტურისტულ ინდუსტრიას.
„ორშაბათიდან მოყოლებული ყოველდღიურ რეჟიმში ვხვდები სხვადასხვა ბიზნესს. განსაკუთრებულად აქცენტი გვაქვს გაკეთებული მცირე ბიზნესზე, საოჯახო სასტუმროებზე, შევხვდი ბანკებს, ტურ-ოპერატორებს, გვაქვს უკვე კონკრეტული გეგმის მონახაზი, უფრო მეტად დეტალებზე ალბათ შემდეგ კვირაში შევძლებ საუბარს.
ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს გეგმა ეყრდნობა თვითონ ბიზნესის მოთხოვნებს, მარკეტინგის მიმართულებით, სადაც მთავარი აქცენტი არის საქართველოს, მშვიდი ტურისტული ქვეყნის იმიჯის განმტკიცება. ვმუშაობთ ჩვენ ჩვენს კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, დიპლომატიური არხები გვაქვს ჩართული. მეორე მიმართულებაა დახმარება ლოჯისტიკაში, აქ ჩვენ გარკვეული ფინანსური კონტრიბუციით შემოვალთ. მესამე მიმართულება - ეს არის კონკრეტული ფინანსური მხარდაჭერა, განსაკუთრებით მცირე სასტუმროების მეპატრონეებს. ფინანსური მხარდაჭერა მათ შორის საკრედიტო საგარანტიო სქემის ამოქმედებით და ამ თემაზე გვაქვს კონსულტაცია ბანკებთან. რამდენიმე სხვა მიმართულებაა, მათ შორის ახალი ფრენები. იცით, რომ ამ დღეებში დავაანონსეთ 12 ახალი პირდაპირი ფრენა ქუთაისის აეროპორტიდან, დაბალბიუჯეტიანი ფრენა ევროპის სხვადასხვა ქალაქამდე, საიდანაც ახალი ტურისტები შემოვლენ. თუმცა კვლავ მინდა, ვთქვა, ბიზნესის მოთხოვნაა, მაქსიმალურად დავეხმაროთ, მათ შორის შევინარჩუნოთ ტრადიციული ბაზრები და რუსი ტურისტიც.“ - განაცხადა ნათია თურნავამ.