მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აარიდებს. ამის შესახებ ასოციაციის „ქართული ღვინო“ წერილშია აღნიშნული, რომლითაც მან ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიმართა.
მათივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რუსეთი კვლავ ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად რჩება.
"ბიზნესპრესნიუსი" ასოციაციის „ქართული ღვინო“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"ის, რომ ქართული ღვინის წარმოებას და ექსპორტს საკუთარი უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, არავისთვის არ არის სიახლე. ბოლო წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკამ ის შედეგი მოგვცა, რომ გაშენდა ახალი ვენახები, ფუნქციონირებს ასობით ღვინის საწარმო, მათ შორის ბევრი ახალი. ჩვენ ღვინო გაგვაქვს ისეთ ბაზრებზე, სადაც რამდენიმე წლის წინ არა თუ ექსპორტის შესაძლებლობა იყო წარმოუდგენელი, არამედ საერთოდ არ იცნობდნენ ქართულ ღვინოს. ქართულ მევენახეობა-მეღვინეობის დარგში, სხვადასხვა რგოლით, ათობით ათასი ადამიანია ჩართული. ტრადიციული დარგი აქტიურად ვითარდება, ქართული ღვინო სულ უფრო მეტად ცნობადი და მოთხოვნადი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზრად. მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გაგიზიაროთ საკუთარი მოსაზრება და ღიად დავაფიქსიროთ, რომ მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ აწარმოოს გონივრული პოლიტიკა, შეძლოს თავიდან აიცილოს ეკონომიკური სანქციები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც ქვეყანას აარიდებს მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. ქვეყანაში არსებული გარკვეული პოლიტიკური ძალების ინტერესს არ უნდა შეეწიროს ქვეყნის ეკონომიკა",- ნათქვამია განცხადებაში.