ანტიდემპინგური კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, -ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, ანტიდემპინგური კანონი, რომელიც ადგილობრივი მეწარმეების დაცვას ემსახურება, მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა და მომავალი წლიდან შევა ძალაში.
„ვაჭრობის ანტიდემპინგური კანონი 2020 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება,რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთ დავიცვათ ადგილობრივი მეწარმეები, შემოვიღოთ ანტიდემპინგური ტარიფი, როგორც დროებითი ან მუდმივი ზომა, იმისთვის რომ დავიცვათ დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი წარმოება", -განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, როდესაც სახელმწიფო იცავს ადგილობრივ მეწარმეს, ის ამავდროულად იცავს ადგილობრივ დასაქმებულსაც. ამასთან, მინისტრი იმ ადგილობრივი ბიზნესის მაგალითებად, რომელსაც ანტიდემპინგური კანონი დაიცავს, მეტალურგიას, ცემენტისა და შაქრის წარმოებას ასახელებს. მისივე განცხადებით, კანონმდებლობა საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებითაა მიღებული და საერთაშორისო ვაჭრობაში შემზღუდავ როლს არ შეასრულებს.