2020 წლისთვის ლონდონში ცათამბჯენის თავზე განთავსდება აუზი, რომელსაც 360-გრადუსიანი ხედი და წყალქვეშა შესასვლელი ექნება.
ამის შესახებ ინფორმაციას CNBC აქვეყნებს. ცათამბჯენს ცნობილი კომპანია Compass Pools აშენებს და მათი პროგნოზით ცათამბჯენისა და აუზის მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. კომპანიის ტექნიკური დირექტორი და დიზაინერი ალექს კემსლეი აცხადებს, რომ ცათამბჯენს Infinity London ერქმევა და მისი სიმაღლე დაახლოებით 200 მეტრს შეადგენს.
ცათამბჯენის განსაკუთრებულობას კი წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მის თავზე უზარმაზარი აუზი განთავსდება. კიმსლეის თქმით, მხოლოდ დაცურაო აუზის მშენებლობა 12 მილიონ აშშ დოლარზე მეტი დაჯდება და მშენებლობის პროცესში სპეციალურ შუშას გამოიყენებენ. აღსანიშნავია, რომ აუზს სრულიად გამჭვირვალე კედლები და ჭერი ექნება, რაც სტუმრებს საშუალებას მისცემს ლონდონის 360-გრადუსიანი ხედით დატკბნენ.
კემსლეი ასევე აცხადებს, რომ აუზში მოსახვედრად კარს ან კიბეებს არ გამოიყენებენ და შესასვლელად მის ქვემოთ სპეციალური გვირაბი გაკეთდება, რათა დამსვენებლებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ და ლონდონის ხედების თვალიერებაში ხელი სხვადასხვა კონსტრუქციებმა არ შეუშალონ.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Infinity London მომავალში ლონდონის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება და მოიზიდავს როგორც ადგლობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებს.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა