2007 წლამდე უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზება იგეგმება

ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიის გამოცხადების გარდა, 2007 წლამდე უნებართვოდ აშენებული ობიექტების ლეგალიზებაც იგეგმება.

ამას “საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო უფლებამოსილი ხდება განახორციელოს, 2007 წლის 1 იანვრამდე უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზება, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულებისთვის განსაზღვროს ვადა და განახორციელოს მათი შემდგომი ლეგალიზება.

უნებართვოდ და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების წესსა და პირობებს, ასევე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტების დასრულების ვადას მთავრობა დაამტკიცებს.