თეთრ სახლში განაცხადეს, რომ Huawei-სთვის სრული ამნისტია არ გამოუცხადებიათ

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, მოუხსნას სანქციები ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიას Huawei-ს, მისთვის სრულ ამნისტიას არ ითვალისწინებს.

ამის შესახებ ტელეკომპანიას Fox News-ის ეთერში თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ლოურნე სქუდლოუმ განაცხადა.

„აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრო დროებით აღუდგენს რამდენიმე ლიცენზიას საერთო დანიშნულების პროდუქციის მიწოდების განახლებაზე. მაგალითად, ცალკეული მიკროპროცესორების მწარმოებელი ამერიკული კომპანიები, რომლებიც უპრობლემოდ ყიდიან საკუთარ პროდუქციას სხვა ქვეყნებში, ამ პროდუქტს ჩინელებსაც მიჰყიდიან. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს შემთხვევები ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას ვნებს“, - განაცხადა ქუდლოუმ.

შეგახსენებთ, სი ძინპინთან შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნებას დართავს ჩინურ კომპანიას შეიძინოს ამერიკული პროდუქცია. მანვე განაცხადა, რომ ის შეჰპირდა სი ძინპინს, განიხილავდა Huawei-ის შავი სიიდან ამოღების საკითხს.

ცნობისათვის, 15 მაისს ამერიკის ლიდერმა ხელი მოაწერა ბრძანებას საგანგებო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ამერიკის საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის დაცვას საგარეო საფრთხეებისგან. შედეგად კი, 17 მაისს აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ Huawei შავ სიაში შეიყვანა ეროვნული უსაფრთხოებისადმი საფრთხის შემცველობის საბაბით.

კოკა კვირკველია