აშშ-ში ელოდებიან, რომ ოსაკაში დიდი ოცეულის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შემდეგ ჩინეთი დაიწყებს ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მასიურ შესყიდვას. ამის შესახებ თეთრი სახლის ეკონომიკური საბჭოს ხელძღვანელმა ლოიურენს ქუდლოუმ Fox News-ის ეთერში განაცხადა.
„ჩვენ ველოდებით, რომ მოლაპარაკებების მსვლელობის პერიოდში ჩინელები დაიწყებენ ამერიკული სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და მომსახურების მასიურ იმპორტს. ჩვენ მოლაპარაკებებში არ გვისაუბრია არც შედეგებზე, არც საბოლოო შეთანხმების ვადებზე და მოლაპარაკებების გამართვის გრაფიკზე. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, მთავარია შეთანხმების ხარისხი, არ ღირს აჩქარება ან გრაფიკის ფორმირება. მთავარია, რომ მოლაპარაკებები განახლდება, ხოლო ტარიფების გაუქმება არ მოხდება“, - განაცხადა ქუდლოუმ.
შეგახსენებთ, ჩინეთი და აშშ სავაჭრო საკითხების მოგვარებისთვის მოლაპარაკებებს წლის დასაწყისიდან აწარმოებდნენ, თუმცა მაისში ქვეყნები ჩიხში შევიდნენ. ამის ფონზე კი ვაშინგტონმა გადაწყვიტა 10 მაისიდან ამერიკაში იმპორტირებულ 200 მილიარდის ჩინურ პროდუქციაზე საბაჟო ტარიფი 10%-დან 25%-მდე გაეზარდა. დონალდ ტრამპმა ამავდროულად გასცა ბრძანება, დაეწყოთ მომზადება დამატებით 300 მილიარდის პროდუქციაზე ტარიფების გასაზრდელად. თუმცა აღნიშნულის გადავადება კონკრეტული ვადის დასახელების გარეშე მოხდა.