მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ „თიბისის“ აქციების ნაწილი დროებით გაასხვისეს. კერძოდ, აქციების 1.81% Renaissance Capital-ზე დააგირავეს 2021 წლამდე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „თიბისი ბანკი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
„Renaissance Capital-ი არის თიბისი ბანკის ერთ-ერთი პარტნიორი საბროკერო კომპანია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. Renaissance Capital-ი, საინვესტიციო ბანკებთან ერთად JP Morgan და UBS, ასევე, ჩართული იყო, „თიბისი ბანკის“ ევრობონდების და კაპიტალის ობლიგაციების წარმატებულად განხორციელებაში.
მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ Renaissance Capital-ისგან 10 მილიონი დოლარის ოდენობის სესხი აიღეს საკუთარი აქციების დაგირავებით. ლონდონის საფონდო ბირჟის წესების მიხედვით მოხდა ამ ოპერაციის გამჟღავნება თიბისი ბანკის ინვესტორებისათვის. აქციების დაგირავება სესხის აღების გავრცელებული ფორმაა და ეს არ ნიშნავს, რომ მფლობებმა აქციები გაყიდეს.
ამასთან, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ადასტურებენ, რომ აქციების გაყიდვა არ განუხილავთ. აღნიშნული ოპერაციები შესაძლებელია მომავალშიც განხორციელდეს, რაც მათ დამატებითი სახსრების მობილიზების საშუალებას მისცემთ საკუთარი პროექტების განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში ეს სახსრები მიმართული იქნება ანაკლიის პროექტში,“-აღნიშნულია განცხადებაში.