საქართველოში კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დაიბეგრება

საქართველოში კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად სიმძლავრის მიწოდება დაიბეგრება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფინანსთა მინისტრმა მიიღო.

კერძოდ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, კრიპტოაქტივის მოსაპოვებლად გამოთვლითი სიჩქარის (სიმძლავრის) მიწოდების ოპერაცია დღგ-თი დაიბეგრება იმ შემთხვევაში, თუ ამ მომსახურების მიმღები წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ პირს ან საქართველოში გააჩნია მართვის ადგილი ან მუდმივი დაწესებულება, რომელსაც უშუალოდ უკავშირდება მიღებული მომსახურება.

ამასთან, მომსახურების გამწევ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს ამ მომსახურების გასაწევად შეძენილ საქონელზე/მომსახურებაზე ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით გადახდილი ან გადასახდელი დღგ-ის თანხა.

როგორც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, კრიპტოაქტივის მოპოვება გულისხმობს კრიპტოაქტივის პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ახალი სტრუქტურების (ბლოკების) შექმნის საქმიანობას, რომლის შედეგადაც ამ საქმიანობის განმახორციელებელი პირი (მაინერი) ჯილდოვდება კრიპტოაქტივით. გამოთვლითი სიჩქარე (სიმძლავრე) კი არის იმ სიმძლავრის საზომი ერთეული, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერი ასრულებს ოპერაციას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კრიპტოაქტივის მიწოდება (კრიპტოაქტივის გაცვლა ეროვნულ ან უცხოურ ვალუტაზე) დღგ-სგან; ხოლო ფიზიკური პირის მიერ კრიპტოაქტივის მიწოდებით მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება.

„კრიპტოაქტივი არის ციფრული აქტივი, რომლის შენახვა და გაცვლა ხორციელდება ელექტრონულად, ერთრანგიანი (დეცენტრალიზებული, Peer-to-peer) ქსელით, არ საჭიროებს სანდო შუამავალს, და ფუნქციონირებს კომპიუტერების ქსელში მომუშავე განაწილებული რეესტრის ტექნოლოგიის (Distributed ledger technology) პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით, რომელიც იყენებს კრიპტოგრაფიულ მეთოდებს. კრიპტოაქტივი წარმოადგენს ღირებულების ციფრულ გამოხატულებას, მისი გამოშვება და გაცვლა ხორციელდება დეცენტრალიზებული კონსენსუსის მექანიზმით, ცენტრალური სანდო ემიტენტი და ზედამხედველი/მაკონტროლებელი ორგანოს გარეშე, ხოლო მასზე საკუთრების უფლება დასტურდება კრიპტოგრაფიული მეთოდებით.

კრიპტოაქტივის თითოეულ ერთეულს გააჩნია საბაზრო ღირებულება, იგი შეიძლება იქნეს ემისირებული, ჰყავდეს მესაკუთრე, გადაეცეს საკუთრების უფლება სხვას და დაიყოს ნაწილებად, შესაძლებელია მისი შესყიდვა და გაყიდვა. ამავე დროს, კრიპტოაქტივი არ არის გადახდის კანონიერი საშუალება და არც ელექტრონული ფული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

კრიპტოაქტივის მოპოვება გულისხმობს კრიპტოაქტივის პლატფორმის ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ახალი სტრუქტურების (ბლოკების) შექმნის საქმიანობას, რომლის შედეგადაც ამ საქმიანობის განმახორციელებელი პირი (მაინერი) ჯილდოვდება კრიპტოაქტივით. აღნიშნული ხორციელდება ორი ძირითადი პრინციპით: მაინერი თავის ბლოკში თვითონ ქმნის ახალ კრიპტოაქტივს (კონკრეტული ალგორითმის შესაბამისად) და ამ ბლოკს ადასტურებენ სხვა მაინერები ან/და მაინერი იღებს ჯილდოს ტრანზაქციების განმახორციელებლებისათვის. ასეთი ჯილდოს ოდენობა შეიძლება იყოს წინასწარ განსაზღვრული, გამოიანგარიშებოდეს ალგორითმით ან განისაზღვრებოდეს თავისუფალი ბაზრით. კრიპტოაქტივის მოპოვების საქმიანობა საჭიროებს სპეციფიკურ დანადგარებსა ან/და პროგრამულ უზრუნველყოფას, ასევე, ინტერნეტთან წვდომას. ამ საქმიანობის სწრაფი და ეფექტური განხორციელება, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია შესაბამის გამოთვლით სიჩქარეზე. გამოთვლითი სიჩქარე (სიმძლავრე) კი არის იმ სიმძლავრის საზომი ერთეული, რომლის მეშვეობითაც კომპიუტერი ასრულებს ოპერაციას,“-აღნიშნულია გადაწყვეტილებაში.

თაია არდოტელი