2019 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში განახლებულ 10 ლარის ნომინალის ბანკნოტებს გაუშვებს. ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.
განახლებული 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები საზოგადოებას დღეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ წარუდგინა.
"საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2015 წელს, ლარის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ეროვნული ვალუტის - ლარის ბანკნოტების განახლების პროექტი დააანონსა. დაიწყო ინტენსიური სამუშაოები, გამოცდილების მოძიება, ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, სხვა ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრები. ძალიან დიდია პასუხისმგებლობა, როდესაც ისეთ მნიშვნელოვან სიმბოლოს ეხები, როგორიც ლარია. ეს არ არის ჩვენთვის მხოლოდ გადახდის საშუალება, ლარი გარკვეულწილად ეროვნული იდენტობის მახასიათებლებსაც ატარებს.
2015 წლის 3 ნოემბერს საზოგადოებას წარვუდგინეთ მოდიფიცირებული ლარის ნიშნების ახალი ოჯახი - განახლებული, 20, 50, 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, რომელიც დაბეჭდილია უმაღლესი ხარისხის, ცვეთის მიმართ მდგრად ქაღალდზე და აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე დამცავი ნიშნებით.
განახლებული ბანკნოტების დიზაინში ასახულია საქართველოს ის კულტურულ-ისტორიული და ტრადიციული ღირებულებები, რომლებიც თითოეულ ნომინალზე თემატურადაა წარმოდგენილი. განახლებულ ბანკნოტებზე გამოსახულია/დატანილია ძველ ნომინალზე არსებული სურათები, თუმცა განსხვავებული პორტრეტებითა და რაკურსებით. ასევე, ლარის ბანკნოტზე შეიცვალა და დაემატა დიზაინის ცალკეული ელემენტებიც. აღსანიშნავია, რომ თემატიკის შენარჩუნების თვალსაზრისით, ახალი ბანკნოტების, კერძოდ კი 5 და 100 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტების დიზაინში გადატანილია 1 და 2-ლარიანი ბანკნოტების დიზაინში არსებული ძირითადი მოტივები. ყოველივე ეს კიდევ უფრო მეტი სიზუსტითა, მრავალფეროვნებით და თანამედროვე იერსახით წარმოაჩენს საქართველოს მნიშვნელოვან კულტურულ-ისტორიულ მემკვიდრეობას.
დღეს კი წარმოგიდგენთ განახლებული ლარის ოჯახის ბოლო წევრს - 10 ლარის ნომინალის ბანკნოტს, ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა", - განაცხადა პრეზენტაციაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის წინა მხარეს გამოსახულია აკაკი წერეთლის განსხვავებული პორტრეტი გაუმჯობესებული რელიეფურობის ხარისხითა და მოცულობით, ასევე, ნაწყვეტი აკაკის ლექსიდან „გაზაფხული" მისი ავტოგრაფით, აყვავებული რტო და მერცხალი.
უკანა მხარეს წარმოდგენილია ქართველი ფერმწერისა და გრაფიკოსის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ცნობილი ნაწარმოები „იმერეთი-დედაჩემი" ბანკნოტის დომინანტ ფერთან შეხამებული მრავალფეროვნებით და საქართველოს სახელმწიფო გერბი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს დავით კაკაბაძეს დაბადებიდან 130 წლისთავი უსრულდება და ამდენად, გარკვეულწილად სიმბოლურია, რომ განახლებული 10-ლარიანი ბანკნოტის გამოშვება სწორედ საიუბილეო წელს მოხდება.
განახლებული ბანკნოტი დაცულია, როგორც მომხმარებლისათვის მარტივად აღქმადი, ასევე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი თანამედროვე დამცავი ნიშნებით.
განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები, შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან - 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები 2017 წლის 1 სექტემბრიდან ჩაეშვა.
ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინის შემადგენელი დეტალები მაქსიმალურადაა ინტეგრირებული დამცავ ნიშნებთან, მათი გაფორმების სტილი, პარამეტრები და დამცავი ნიშნები თანამედროვე, აპრობირებული და თანმიმდევრულია თითოეული ნომინალისათვის და მთლიანობაში ქმნის ერთიანი ოჯახის კონცეფციას, რაც იყო კიდევაც პროექტის ძირითადი მიზანი.
ლარის განახლებული ბანკნოტების დიზაინი შექმნა ბაჩა მალაზონიამ.
ლარის განახლებული ბანკნოტების ესკიზების სრულყოფის პროცესში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი კომპანიები: „Giesecke + Devrient Currency Technology" (გერმანია), „Oberthur Fiduciaire" (საფრანგეთი), „De La Rue" (დიდი ბრიტანეთი).