კობა გვენეტაძე სებ-ის მიერ რეზერვების შევსებაზე - ეროვნული ბანკის ასეთი ინტერვენციები ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს არც ერთ შემთხვევაში

ეროვნული ბანკის ასეთი ინტერვენციები ლარის კურსზე გავლენას არ ახდენს არც ერთ შემთხვევაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების შევსების, ანუ დოლარის შესყიდვის, ლარის კურსზე გავლენის კომენტირებისას განუცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი ყოველთვის მაშინ აწარმოებდა შესყიდვას, როდესაც იყო ლარის გამყარების ტრენდი და ის არ ცვლიდა ამ მიმართულებას, ანუ გამყარება გრძელდებოდა.

„ეროვნულ ბანკს ჰქონდა არაადეკვატური საერთაშორისო რეზერვები და აუცილებელი იყო ამ რეზერვების დაგროვება. ყოველი მომენტი, რომელიც საშუალებას გვაძლევდა და გვაძლევს, რომ შევავსოთ საერთაშორისო რეზერვები, უნდა გამოვიყენოთ, რადგანაც ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი იმისთვის, რომ უცხოურმა ინვესტორებმა საქართველო განიხილოს საიმედო ქვეყნად“, - აცხადებს კობა გვენეტაძე.

სებ-ის პრეზიდენტის თქმით, მომავალში სავალუტო რეზერვების დაგროვება გაგრძელდება, თუმცა, მისივე განცხადებით, ეროვნულ ბანკს ესმის არსებულის სიტუაცია და ამიტომ ძალიან დაფიქრებულად გადადგამს ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს.