“არემჯიმ “ ჟენევის უნივერსიტეტის სტუდენტებს უმასპინძლა

კომპანია ,,არემჯიმ“ „ჟენევის უნივერსიტეტის“ გეოლოგიის მიმართულების სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს უმასპინძლა.

უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ასოციაციის წარმომადგენლები ათ წელზე მეტია სისტემატურად მოგზაურობენ საქართველოში, სომხეთსა და თურქეთში. ისინი სწავლობენ და იკვლევენ აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საბადოებს.

ვიზიტის პირველ დღეს, „ჟენევის უნივერსიტეტის“ სტუდენტებთან ერთად, მადნეულის და საყდრისის კარიერები, რამდენიმე ქვეყნის სამთამადნო კომპანიის წარმომადგენელმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმაც დაათვალიერეს და ადგილზე მათ გეოლოგიურ აგებულებას გაეცნენ.

მეორე დღეს, შვეიცარიელმა და ქართველმა სტუდენტებმა „არემჯის“ სააქტო დარბაზში პრეზენტაციები გამართეს და ერთმანეთს საკუთარი ხედვები და დაკვირვების შედეგები გაუზიარეს.

,,რამდენიმე წელია კოლაბორაცია გვაქვს და ერთმანეთს ჩატარებული სამუშაოების შემდეგ მონაცემებს ვუზიარებთ. გასულ წლებში რამდენიმე წარმომადგენელი გვსტუმრობდა, წელს კი მათი სტუმრობა დიდი ჯგუფით მოხდა. ეს იყო მოკლე ექსკურსია მადნეულისა და საყდრისის კარიერებზე, შემდეგ ინფორმაციის გაზიარება, რომელიც ორივე მხარეს სასარგებლოდ წაგვადგება“. - განაცხადა ,,არემჯის“ რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა მალხაზ ნაცვლიშვილმა.

,,ჩვენ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და კარგი ურთიერთობა გვაქვს კომპანიასთან. ჩამოვედით საქართველოში, რათა დავაზუსტოთ ამ საბადოების გეოლოგიური აგებულება, შევისწავლოთ მათი წარმოშობის პირობები, სწორედ ამ მიზნით გავეცანით „არემჯის“ ოქროს და სპილენძის საბადოებს. კომპანიის შესახებ ბევრი რამ გავიგეთ, რადგან მასპინძლების მხრიდან ინფორმაცია სრულად იყო მოწოდებული. კომპანიას ძალიან ბევრი კარგი ადგილობრივი თანამშრომელი ჰყავს, რომელიც თავის საქმის დიდი პროფესიონალია“. - განაცხადა ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორმა რობერტ მორიცმა.