„ანაკლიის განვითარებული კონსორციუმის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე და „ანაკლია სითის“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ბოჭორიშვილი ტაილანდს ესტუმრნენ, სადაც სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქმიანი შეხვედრები გამართეს ისეთ დიდ ლოგისტიკურ და ინდუსტრიულ კომპანიებთან, როგორებიცაა Nohara Denken Factory, JWD Infologistics , Grimm Power Plants, Amata City.
აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების შეხვედრის ორგანიზება იაპონიის ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. Amata City -ს წარმომადგენლობა აგვისტოში საქართველოს ეწვევა და „ანაკლია სითის“ წარმომადგენლებთან შეხვედრებს უკვე საქართველოში გამართავს.
შეგახსენებთ, რომ მაისში იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ინდუსტრიის სამინისტრომ (METI) ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის (SEZ) ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ჩასატარებლად გრანტი გამოყო. კვლევის მთავარი მიზანია, დადგინდეს ის ძირითადი მიმართულებები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნება იაპონური საწარმოო და ლოგისტიკური სექტორის წამყვანი კომპანიების მოზიდვა და პროექტში ჩართვა. კვლევაში ჩამოყალიბებული იქნება SEZ-ის განვითარების გეგმა და მასტერპლანი. გრანტის ფარგლებში, სამი საერთაშორისო კომპანია ჩაერთვება: Tomonius Co. Ltd - გრანტის აპლიკანტი, Phnom Penh SEZ Plc - თანამშრომლობის პარტნიორი კომპანია და Nippon Koei Co. Ltd - საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების გეგმაზე მუშაობს. ბანგკოკში ვიზიტისას მამუკა ხაზარაძე და ქეთი ბოჭორიშვილი Tomonius Co. Ltd , Phnom Penh SEZ Plc და Nippon Koei Co. Ltd -ს წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და მომავალ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„საქართველოს უმნიშვნელოვანეს რეგიონალურ ჰაბად ჩამოყალიბების დიდი პერსპექტივა აქვს. „ანაკლია სითის“ გუნდი უკვე ორი წელია აქტიურად მუშაობს ანაკლიის ეკონომიკურ ზონაში მულტინაციონალური კომპანიების მოსაზიდად. დღეს ვიმყოფებით ბანგკოკში, სადაც შეხვედრები გვაქვს ინდუსტრიის წამყვან კომპანიებთან, რათა გავაცნოთ ანაკლიის ზონის პერსპექტივები და დავანახოთ ჩვენი ქვეყნის უპირატესობები რეგიონში არსებულ ეკონომიკურ ზონებთან“, - განაცხადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.
ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა (SEZ) - განავითარებს 400 ჰა ფართობის ტერიტორიას და დაასაქმებს 16,000-მდე ადგილობრივ ადამიანს შემდგომი 20 წლის განმავლობაში. SEZ-ი სრულიად ინტეგრირებული იქნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან, შექმნის საერთო თავისუფალ ეკონომიკურ ზონას. ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონის ზოგადი კონცეფციის მიხედვით, განვითარდება ისეთი ინდუსტრიები, როგორებიცაა: ლოგისტიკა, მსუბუქი მრეწველობა, მომსახურება, ტურიზმი და ა.შ. რადგან საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივის და დაბალი გადასახადების გამო, მსოფლიო რეიტინგში ისედაც ლიდერთა შორისაა, ანაკლიის სპეციალური ეკონომიკური ზონა კიდევ უფრო წაახალისებს ინვესტორებს, გადმოიტანონ თავიანთი ბიზნესები ანაკლიაში. ანაკლიის პორტთან დაკავშირებული სპეციალური ეკონომიკური ზონა უდიდეს შესაძლებლობებს შესთავაზებს და მოიზიდავს როგორც საგარეო პირდაპირ ინვესტიციებს, ისე ადგილობრივ ინვესტიციებსაც; შექმნის კლასტერებს, ხელს შეუწყობს ახალი ინდუსტრიების განვითარებას, გაზრდის ეკონომიკურ ინტეგრაციას და გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს.
Amata City - მსოფლიოს წამყვანი დეველოპერი და ინტეგრირებული ინდუსტრიული ქალაქების ოპერატორია. „ამატაში“ დასაქმებულია 300,000 ადამიანი, მოქმედებს 1,700 კომპანია, რაც ტაილანდის ეკონომიკის 10 პროცენტს შეადგენს.
„ამატა“ აზიის სამ წამყვან სამრეწველო ქალაქში მოქმედებს. Amata Nakorn Chonburi კი ტაილანდის უდიდესი ინდუსტრიული ქალაქია, რომლის ფართობი 10,400 ჰექტარს შეადგენს.