OPEC-ი და მისი ალიანსი მიწოდების შეზღუდვის გაგრძელებას აპირებენ

ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია (OPEC) და მისი არაწევრი ექსპორტიორი ქვეყნების ალიანსი, რუსეთის ხელმძღვანელობით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების შეზღუდვის 2020 წლის მარტამდე გაგრძელებას აპირებენ. ამგვარად ისინი გლობალური მასშტაბით, მოთხოვნის შემცირებისა და შეერთებული შტატებისგან ექსპორტის ზრდის დაბალანსებას ეცდებიან.

ალიანსი, რომელიც OPEC+ სახელით არის ცნობილი, ბაზარზე მიწოდებას 2017 წლიდან ზღუდავს, რითაც ნავთობზე ფასების ზრდას უწყობს ხელს. ფასების ზრდას ნაწილობრივ აფერხებს ის ფაქტორი, რომ ამერიკა სულ უფრო ზრდის ექსპორტს. ცნობისათვის, შეერთებულმა შტატებმა მოპოვების მხრივ, უკვე უკან ჩამოიტოვა საუდის არაბეთი და რუსეთი და მსოფლიო ლიდერი გახდა.

ნავთობის გაძვირებას, ირანის და ვენესუელას (ორივე OPEC-ის წევრია) წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციებიც უწყობს ხელს. ყველა ფაქტორის გამო, ბრენტ მარკის ნედლი ნავთობის ფასი წელს 25 პროცენტით არის გაზრდილი. საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ირანული ნავთობის დანაკლისს ანაზღაურებს, თუმცა ეს ფასზე პრაქტიკულად არ აისახება.

საუდეთის ენერგეტიკის მინისტრ ხალიდ ალ-ფალიჰს დაუსვეს კითხვა, რამდენად არის დარწმუნებული იმაში, რომ მიწოდების შეზღუდვის აქტი ცხრა თვით გაგრძელდება, რაზეც მან უპასუხა: „100 პროცენტით დარწმუნებული ვარ“.

ბაზარზე მოთხოვნის კლებას, მსოფლიო ეკონომიკის ზრდის შენელება განაპირობებს. ეს კი აშშ-ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შედეგია. ამიტომ, OPEC-ში თვლიან, რომ მიწოდების შეზღუდვის გაუქმება არ ღირს, რადგან ამ შემთხვევაში, ნავთობის ფასი სწრაფად დაეცემა. ეს კი მათ ინტერესებში არ შედის.

OPEC-ის მიერ მიწოდბის შეზღუდვის გაგრძელება არ გაახარებს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ვინც საუდის არაბეთს არაერთხელ მოუწოდა, ბაზარზე მეტი ნავთობი გამოიტანოს და ამით, ფასის შემცირებას შეუწყოს ხელი. ამის სანაცვლოდ, ის საუდელებს სამხედრო მხარდაჭერას პირდება.