ხელისუფლება საბანკო რეგულაციებით გამოწვეული შედეგის გამოსწორებას ცდილობს. სამშენებლო სფეროში შექმნილი მძიმე სიტუაციის შემდეგ მთავრობა იპოთეკური სესხის გაცემის პირობებს ცვლის. ბიზნესი ფიქრობს, რომ მდგომარეობა ამით ცოტათი გამოსწორდება, თუმცა დანაკარგი იმდენად დიდია, რომ პრობლემის მოსაგვარებლად კომპანიებს დიდი ძალისხმევის გაწევა დასჭირდებათ. როგორც მენაშენეები ამბობენ, რეგულაციების გამარტივება ბიზნესისთვის შვებაა, მაგრამ შექმნილ ვითარებას ადვილად ვერ გამოასწორებს.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, 1 იანვარს ამოქმედებული საბანკო რეგულაციების გავლენით შემცირებულ სამშენებლო ბიზნესს სესხის აღების პირობები შედარებით გაუმარტივდება. კერძოდ, შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება კომერციული ბანკების მერ მოხდება, თუ სესხი ლარში იქნება გაცემული და თანამონაწილეობის კომპონენტიც იარსებებს.
ლარით იპოთეკური სესხების გაცემის შემთხვევაში მინიმუმ 20% - იანი თანამონაწილეობის პირობებში, კომერციული ბანკები მსესხებლის გადახდისუნარიანობას შიდა მოდულებით შეაფასებენ.
,,საბანკო სისტემას შესაძლებლობა აქვს ახალ ეტაპზე გადავიდეს და უფრო ეფექტიანად უზრუნველყოს მსესხებლის შემოსავლებისა და გადახდისუნარიანობის შეფასება და ასევე განახლებული ჯანსაღი იპოთეკური პროდუქტები შესთავაზონ მომხმარებელბს", - ასეთია საბანკო ასოციაციის შეფასება.
ამასთან, როგორც ასოციაციაში განმარტავენ, კომერციული ბანკები ლარში იპოთეკური სესხებისათვის ახალი პროდუქტების შემუშავებას იწყებენ.
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ხელმძღვანელი, ირაკლი კოვზანაძე ლარში იპოთეკური სესხების აღების გამარტივებას აფასებს. მისი თქმით, დაკრედიტებაში კოეფიციენტის შემცირება ზოგიერთი მიმართულებით შესაძლებელია, მათ შორის დეველოპერულ სექტორშიც.
„საქართველო ღია და მცირე ეკონომიკაა და ის ეგზოგენური მოვლენები, რომელსაც ჩვენ ახლა "რუსულ ფაქტორს" ვუწოდებთ კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ჭარბვალიანობასთან დაკავშირებულ მოვლენები, რომელიც ჩვენ გავატარეთ, სწორი იყო. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლოა სისტემაში გარკვეული საფინანსო რისკი მიგვეღო.
ეს არის სწორი და ეს მიმართულებაა შესანარჩუნებელი, მაგრამ არის გარკვეული მიმართულებები, სადაც შესაძლებელია გარკვეული კოეფიციენტების შემცირება. მათ შორის ეს არის დეველოპმენტი და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ცენტრალური ბანკიც იფიქრებს. ერთადერთი დამოუკიდებელი სტრუქტურა კონსტიტუციურად გამყარებული, რომელმაც შესაძლოა ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, ცენტრალური ბანკია. ჩვენ შეგვიძლია გამოვიჩინოთ გარკვეული ელასტიურობა ეკონომიკის ამ სეგმენტის მიმართ“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ცვლილებებს, აფასებენ კომერციული ბანკებიც, რომლეთაც ახალი რეგულაციების ამოქმედების შედეგ, პორტფელი შეუმცირდათ.
,,თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე ამბობს, რომ ცვლილებები უახლოეს მომავალში შევა ძალაში და კლიენტებისათვის პირობებს გაამარტივებს.
,,ეროვნულ ბანკთან კომერციული ბანკები აქტიურად ვართ ჩართული კომუნიკაციის პროცესში. უმოკლეს პერიოდში, სავარაუდოდ 1 კვირის განმავლობაში, საბოლოოდ შევაჯერებთ მოლაპარაკებებს და მზად ვიქნებით ახალი ცვლილებები შევთავაზოთ ბაზარს, ეს შეეხება ლარებში იპოთეკურ სესხებს, რომ კლიენტებს უფრო გამარტივებული პირობებით შევთავაზოთ. ვფიქრობთ, რომ ლარში იპოთეკურ სესხთან დაკავშირებით შემოსავლებთან მიმართებაში მეტი თავისუფლება შემოვიტანოთ. კერძოდ, შემოსავლების დასაბუთებასთან დაკავშირებით პირობები გამარტივდება. 6 თვის შედეგი, თუ როგორ აისახა რეგულაციები ბაზარზე, არ გვაქვს, თუმცა თიბისის შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ საჭირო იყო მეტი ინფორმაციის მიღება და პერიოდულად გვქონდა რეგულატორთანაც შეხვედრები. ლოგიკურად მივედით იმ აზრზე, რომ ცვლილებები საჭიროა”- განაცხადა ,,თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა მედიასთან საუბრისას.
ეს არის მცდელობა, საკუთარი ცვლილებების კატასტროფული შედეგი, ოდნავ მაინც გამოასწორონ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა ასე აფასებს, ,,რეზონანსთან” ბოლო საბანკო ცვლილებებს, მენაშენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ირაკლი როსტომაშვილი.
,,ეს არის ნორმალური მიმართულებით სვლის თავიდან დაწყება. ცხადია, ეს არ არის არაფერი ახალი, კომერციული ბანკები რეგულაციების ბაზარზე გავლენას საკუთარი კრიტერიუმებით, მოდულებით ისედაც აფასებდნენ. რატომ ჰგონია ვინმეს, რომ კომერციული ბანკები ისედაც ასე არ იქნებოდნენ? ეს არის მცდელობა, რომ ხელისუფლებამ და ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ცვლილებების კატასტროფული შედეგი ოდნავ მაინც გამოასწორონ. დაუბრუნებელი იპოთეკური სესხების რაოდენობა კომერციულ ბანკებში ისედაც 1%-ს არ აღემატებოდა, რაც ყველა სტანდარტით მინიმუმია და რაღა საჭირო იყო მეტად დაწნეხვა, რამაც ისედაც დანგრეული ქვეყნის ეკონომიკის კიდევ მეტად შემცირება გამოიწვია, რაც არ მესმის.”- აცხადებს როსტომაშვილი.
თამარ მუკბანიანი
გაზეთი - "რეზონანსი"