Samsung-მა საფლაგმანო Galaxy Note 10-ის პრეზენტაციის თარიღი დაასახელა

კომპანია Samsung-ი 7 აგვისტოს წარადგენს მის სმარტფონების გამაში საფლაგმანო მოდელს - ახალ Galaxy Note 10-ს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის „ტვიტერზე“ გავრცელდა. სმარტფონის პრეზენტაცია ნიუ-იორკში ღონისძიება Unpacked 2019-ის ფარგლებში Barclay's Center-ში გაიმართება.

სმარტფონის ზუსტი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია არ გახმაურებულა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, მას უფრო დიდი ეკრანი ექნება, ვიდრე ამჟამინდელ Note 9-ს, ასევე ახალი მოდიფიცირებული სტილუსი S Pen და უფრო დიდი კამერა.

როგორც გამოცემა The Verge საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, ახალი მოწყობილობის ეკრანის ქვეშ შესაძლოა, განთავსდეს ფრონტალური კამერა. სხვა ინფორმაციით, ის შეიცვლის აუდიო პორტს და უარს იტყვის ყურსასმენების 3,5 მმ-იან პორტზე. ასევე ვრცელდება დაუზუსტებელი ინფორმაცია, რომ კომპანია ამ მოდელის ორ ვარიანტს გამოსცემს - 6,28 და 6,75 დიუმის ეკრანებით. სავარაუდოდ, ორივე მათგანს ექნება 5G ქსელის მხარდაჭერა.

კოკა კვირკველია