რა სეზონზე, რა ტიპის გზის საფარზე, რა ინტენსივობით, რა დატვირთვაზე, რა სიჩქარეზე ან რა დისტანციაზე აპირებთ საბურავების გამოყენებას? - ეს იმ კითხვების ჩამონათვალია, რომელზე პასუხის მიხედვითაც საბურავები უნდა შეარჩიოთ.
მაგალითისთვის, შევადაროთ ტაქსებისა და სპორტული ავტომობილების მძღოლების მოთხოვნები. ტაქსისტის, რომელიც მთელ დღეს 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს, მთავარი მიზანია, რომ საბურავმა მაქსიმალურად ბევრი გაატაროს. სპორტული მანქანის მფლობელს კი, რომელსაც სწრაფად სიარული უყვარს, უნდა მოსახვევში მაღალი სიჩქარით ისე შევიდეს, რომ მანქანა არ მოცურდეს. შეიძლება ორივეს ერთი და იმავე სეზონისა და ზომის საბურავები უნდოდეს, მაგრამ მათ აუცილებლად სხვადასხვა ტიპის საბურავები უნდა იყიდონ. სხვა პირად კრიტერიუმებს თუ არ გაითვალისწინებენ, შეძენილი პროდუქტით უკმაყოფილო დარჩებიან და ეს ბრენდის ან მწარმოებლის ბრალი სულაც არ იქნება. უბრალოდ, მძღოლმა არამიზნობრივად გამოიყენა კონკრეტული საბურავი. სწორედ ამიტომ საბურავის შეძენისას ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა.
თუ მძღოლის მოთხოვნაა, რომ საბურავს დიდი გარბენა ჰქონდეს, მას მაღალ სიჩქარეზე კარგი მოჭიდება ვერ ექნება. თუ სურს, რომ საბურავებს უგზოობასა და ტალახში კარგი გამავლობა ჰქონდეს, მას აუცილებლად ხმა ექნება ტრასაზე. მიზეზი კი ისევ და ისევ საბურავის მიზნობრივად შერჩევაა.
შეიძლება ზოგიერთი საბურავის მახასიათებელი იყოს დიდი დისტანციის დაფარვა, ზოგიერთის - მაღალი სიჩქარით სიარული, ზოგისთვის - ნაკლები საწვავის მოხმარება ან მაღალტვირთამეწობაზე მუშაობა. მიზნის შესაბამისად ყიდვა არის იმის გარანტი, რომ საბურავი დადებს კარგ შედეგს. თუ მანქანა 60-80 კმ/სთ საშუალო სიჩქარით მოძრაობს, შესაძლოა 100 ლარიანი საბურავით უკეთესი გარბენი ჰქოდნეს, ვიდრე მაღალძრავიან ავტომობილის 500 ლარიან საბურავს, რომელიც მუდმივად მაღალი სიჩქარით მოძრაობს. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი სიარულის ხარისხია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე საბურავი არ უნდა შევარჩიოთ იმ კრიტერიუმით, თუ რამდენს გაივლის და ეს კითხვა არც უნდა დავსვათ საერთოდ, რადგან მსოფლიოში არც ერთ მწარმოებელს მასზე პასუხი არ აქვს. გარბენი დამოკიდებულია მძღოლზე, მანქანაზე, გარბენის სტილზე, ძრავის კუბატურაზე, გზის საფარზე...
საბურავი დიდხანს და ეფექტურად რომ გემსახუროთ, აუცილებელია მისი სეზონურად შერჩევაც. ზამთრის საბურავების შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები აქტიურდება დაბალ ტემპერატურაზე. ზაფხულის საბურავის შემადგენლობა აქტიურდება მაღალ ტემპერატურაზე, როდესაც ხახუნის ძალა იმატებს. როდესაც მაღალ ტემპერატურაზე გათვლილ საბურავს მოუწევს სიცივეში სიარული, საბურავი ვერ გაცხელდება შესაბამის ტემპერატურამდე, მას დაეკარგება ფუნქცია და ვერ მოეჭიდება გზის საფარს, რაც სერიოზული საფრთხის საწინდარია. მეორე მხრივ, როდესაც საბურავი დაბალ ტემპერატურაზეა გათვლილი და ის ხურდება, სამუხრუჭე მანძილი ძალიან იზრდება. ის 2 მეტრის ნაცვლად შეიძლება 12 მეტრიც კი იყოს. საბურავი შეიძლება დადნეს კიდეც.
სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საბურავები სეზონურად მოიხმაროთ. ამ პროცესის მართვაში საბურავებზე არსებული ნიშნებიც დაგეხმარებათ. ზამთრის საბურავს აქვს M+S (ტალახი და თოვლი) და ფიფქის ნიშანი. ზაფხულის საბურავს სეზონის აღმნიშვნელი წარწერა არ აქვს. რაც შეეხება ყველა სეზონის საბურავს, იგი აღინიშნება ALL Season, 4season, All Weather წარწერებით. თუმცა ნებისმიერ საბურავს სეზონის გამომხატველი სიმბოლო ახატია, მაგალითად, ფიფქი, მზე და სხვა. სამწუხაროდ, დღეს ბევრს ჰგონია, რომ M+S ყველა სეზონის საბურავს ნიშნავს, რაც დიდი შეცდომაა.
როცა ტემპერატურა 5-7 გრადუსზე დაბლა ჩამოდის, უკვე ზამთრის საბურავები უნდა დააყენოთ. თოვლის მოსვლას არ უნდა დაუწყოთ ლოდინი, რადგან ზამთრის საბურავი მხოლოდ თოვლში სიარულისთვის არაა გათვლილი.
საბურავები უფრო ხანგძლივად რომ გამოიყენოთ, სასურველია თუ პერიოდულად წინა და უკანა საბურავებს შეცვლით. ასე საბურავის სიცოცხლისუნარიანობა შეიძლება 20%-ით გავზარდოთ.