ზონალური პარკირება პირველ აგვისტოს კონკრეტულ ქუჩებზე ამოქმედდება, ეტაპობრივად კი გადავალთ სხვა ტერიტორიებზეც, ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ზონალურ პარკირებაზე საუბრისას განაცხადა.
კალაძის თქმით, ზონალური პარკირება ქალაქისთვის მნიშვნელოვანია.
„იცით, რამდენად მნიშვნელოვანია ზონალურ პარკირებასთან დაკავშირებული სიახლე ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა პირველ ეტაპზე, როგორც საპილოტე პროექტი ისე ვახორციელებთ მას. ავიღეთ რამდენიმე ქუჩა და გვინდა ამ კონკრეტულ ლოკაციაზე შემოვიტანოთ პირველად ზონალური პარკირება. დიდი იმედი მაქვს, წარმატებით ჩაივლის პირველი პროექტი. 1 აგვისტოდან ამოქმედდება ეს სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომობილების გაჩერება იქნება უფასო. პირველი და მთავარი, რაც უნდა გააკეთოს ადგილობრივმა მოსახლეობამ არის თავიანთი ავტომობილების რეგისტრაცია სისტემაში. ჩვენ ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა მივიდეს და მიიღოს დეტალური ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს მანქანის რეგისტრაცია. ეტაპობრივად გადავალთ სხვადასხვა უბნებში. ყველა განვითარებულ ქალაქში არის ეს მიდგომა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ“,- განაცხადა კალაძემ.