„ნარჩენებისგან ბუნებრივი აირის მიღებაზე დოკუმენტაცია სექტემბერში იქნება მზად, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება"

ლილოს ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის მოწესრიგება და ნარჩენებისგან ბუნებრივი აირის მიღებაზე შესაბამისი დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბერში იქნება მზად, რის შემდეგაც გამოცხადდება ტენდერი პროექტის განხორციელებაზე, 2021 წლისთვის კი, პროექტი საბოლოოდ დასრულდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, უკვე შერჩეულია კომპანია, რომელიც აღნიშნულ დოკუმენტაციას მოამზადებს.

„2019 წელს გამოცხადდა ტენდერი, რომელიც გულისხმობს თბილისის საყოფაცხოვრებო პოლიგონის გამართულად ფუნქციონირებისთვის საჭირო პარამეტრების მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. არაერთხელ გვისაუბრია ეკოლოგიაზე ზოგადად, თუმცა რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და თუ არ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. „თბილსესრვის ჯგუფმა“ შეიმუშავა დოკუმენტაცია. ტენდერი მიზნად ისახავს თბილისის საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონის დასრულებულ უჯრედში ბიოგაზის მოპოვებას და ღირებულ პროდუქტად გარდაქმნის კონცეპტუალური პროექტის მომზადებას. არსებული ნაგავსაყრელი ფაქტობრივად, შევსებულია და იქ არის ძალიან დიდი მასა ამ ნარჩენების, შესაბამისად, არის შესაძლებლობა, რომ ამ ნარჩენებისგან ჩვენ მივიღოთ პროდუქტი, საუბარია გაზზე. გამარჯვებული კომპანია, ვინც მოამზადებს ამ დოკუმენტაციას, ეს არის ბელგიური კომპანია „ჯეო კონსულტანტი“. ჩვენ გვექნება სრული დოკუმენტაცია 2019 წლის სექტემბერში, აქვე გამოცხადდება ტენდერი პროექტის განხორციელებაზე და 2021 წლისთვის უნდა იყოს დასრულებული“,- განაცხადა კალაძემ.