„ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მერია სფეროს წარმომადგენლებისთვის 9 ივლისს სემინარს ჩაატარებს,“ - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული სემინარი „საქართველოს ბანკის“ შვილობილ კომპანიასთან „გალტ ენდ თაგარტი“ თანამშრომლობით ჩატარდება. უახლოეს მომავალში კი მსგავსი სემინარის ჩატარება იგეგმება ტურისტული გიდებისთვისაც.
„დედაქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდის და ამ სფეროში გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია პერიოდულად ატარებს მასტერკლასებსა და სემინარებს ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამჯერად, 9 ივლისს კომპანია „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით, ვგეგმავთ სემინარს, რომელიც შეეხება მცირე და საშუალო ობიექტების განთავსების მიმოხილვას, ფასების დინამიკას, კონკურენციას, სასტუმროების პოზიციონირებას, კრიზისული პერიოდების მართვას, სპეციალური საბანკო პროდუქტებს, დონორების პროგრამებს და ა.შ. მინდა, საქართველოს ბანკს თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო. მგონია, რომ ეს სემინარი ყველა მონაწილეს შესაძლებლობას მისცემს კვალიფიკაცია აიმაღლონ. ვინც ამ სფეროშია ჩართული, ხელშეწყობა და თანადგომა ექნებათ. მსგავსი სემინარები უახლოეს მომავალში ჩატარდება გიდებისთვისაც. მნიშვნელოვანია, რომ ხელი შევუწყოთ ამ ადამიანებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.