კლიმატის ცვლილების გამო ევროპაში ტემპერატურის მატება მოსალოდნელთან შედარებით 5-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს

კლიმატის ცვლილების გამო ევროპაში ტემპერატურის მატება 5-ჯერ უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

მეცნიერები აცხადებენ, რომ გასულ საუკუნესთან შედარებით ევროპის ქვეყნებში ტემპერატურამ დაახლოებით 4°C-ით მოიმატა. ისინი აღნიშნავენ, რომ გლობალური დათბობის ასეთ სწრაფ ტემპს ნამდვილად არ ელოდნენ და სიტუაცია იმაზე უფრო რთულია, ვიდრე თავად წარმოიდგენდნენ.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისი 1880 წლის შემდგომ მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი თვე აღმოჩნდა. ტემპერატურამ განსაკუთრებით საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და ესპანეთში მოიმატა. ამასთანავე, საფრანგეთში 28 ივნისს ქვეყნის ისტორიაში რეკორდულად მაღალი- 45.9 °C დაფიქსირდა.

ძლიერმა სიცხემ ესპანეთსა და გერმანიაში რამდენიმე ადგილას ხანძარი გამოიწვია, რომელთა ჩაქრობასაც მეხანძრეები ამ დრომდე ცდილობენ. ტემპერატურის მკვეთრი მატება ევროპის ქვეყნებში 8 ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ძლიერ სიცხეს საფრანგეთში 4, ესპანეთში 2 და იტალიაში 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთანავე ათობით ადამიანი, რომელმაც მზის დარტყმა მიიღო, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მოამზადა ბექა ბერიაშვილმა