საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში ისაზღვრება ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები. გაზომვების შედეგად ატმოსფერულ ჰაერში განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა.
26 ივნისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე უმნიშვნელოდ, ხოლო 28 ივნისს ვარკეთილში 1.7-ჯერ. 25, 27, 29 და 30 ივნისს მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება არ დაფიქსირებულა.
ამ დღეების განმავლობაში მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქ.თბილისში წერეთლის გამზირზე და ქ. ქუთაისში 1.2-ჯერ, ხოლო თბილისში ყაზბეგის გამზირზე 1.1-ჯერ. ასევე ფიქსირდებოდა აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება ქალაქ თბილისში, წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ, ხოლო ქ.ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.5-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: ლ.კვაჭახიძის ქ.N17, ბრიტანულ-ქართულ სკოლასთან; ფერმწერთა ქუჩა N109, ,,ათასწლეულის“ სკოლასთან; ფერმწერთა ქ.N91, საბავშვო ბაღთან ,,მიუმიუ“; ლ.კვაჭახიძის ქ.N12, სკოლა-ლიცეუმთან ,,მწიგნობართუხუცესთან“. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.
ყოველკვირეულად ინფორმაცია გასული კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ ქვეყნდება გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებ-გვედზე nea.gov.ge, ხოლო ყოველდღიური მონაცემების ნახვა შესაძლებელია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე air.gov.ge.