ბათუმში, გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) რეგიონულ კონფერენციაზე მსოფლიო მნიშვნელობის მქონე სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) პრეზენტაცია გაიმართა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას ევროპისა და აზიის რვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა და საქართველოში FAO-ს წარმომადგენელმა, მამუკა მესხმა გახსნეს.
მათივე ინფორმაციით, მისასალმებელ სიტყვაში ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა კლიმატის ცვლილების ფონზე ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის პროგრამის (GIAHS) რეგიონული მასშტაბით დანერგვის მნიშვნელობაზე და აღნიშნულ პროცესში სამინისტროს აქტიურ ჩართულობაზე.
„GIAHS-ის პროგრამების დანერგვა ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო სისტემების განვითარებას, ბიომრავალფეროვნების, სურსათისა და სოფლის მეურნეობისთვის გენეტიკური რესურსების შენარჩუნებას, ასევე დაეხმარება ქვეყნებს კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის პროცესში.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია ჩამოყალიბდეს რეგიონული ქსელი გლობალური მნიშვნელობის სასოფლო-სამეურნეო მემკვიდრეობის სისტემებთან დაკავშირებულ თემებზე სამუშაოდ და კლიმატის ცვლილებებზე ცოდნისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად.
GIAHS-ის დიალოგში მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, იტალიის, ყაზახეთის, მონტენეგროს, ესპანეთის და ტაჯიკეთის წარმომადგენლები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.