ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი გამოაცხადა.

როგორც დღეს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ინფორმაციული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა დავით ღონღაძემ განაცხადა, საკვალიფიკაციო მოთხოვნები რამდენიმე პუნქტისგან შედგება. კერძოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება, მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომელთაც აქვთ უცხოეთში მიღებული განათლება ტურიზმის სფეროს მიმართულებით. ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნებია: ტურიზმის ან მომიჯნავე სფეროებში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება, ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ცოდნა. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ დამატებით სხვა უცხო ენას, ტურიზმის სფეროს კანონმდებლობას.

რაც შეეხება უნარ-ჩვევებს, კონკურსისთვის შემდეგი კრიტერიუმებია გამოყოფილი. კერძოდ, მენეჯერული უნარ-ჩვევები, გუნდური მუშაობის უნარი, მაღალი მოტივაცია და თანამშრომლების მოტივაციის მართვის უნარი, ანალიტიკური უნარ-ჩვევები, სტრატეგიული დახმარების უნარ-ჩვევები, კომუნიკაბელურობა, მედიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ოპერატიული მუშაობის უნარი, რამდენიმე პროექტის ერთდროულად შესრულების უნარ-ჩვევები.

როგორც ღონღაძემ განაცხადა, კანდიდატმა განაცხადთან ერთად უნდა წარმოადგინოს საქართველოში ტურიზმის განვითარების საკუთარი ხედვა. ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განვითარების გეგმა და ადმინისტრაციის როლი საქართველოში ტურიზმის განვითარების სფეროში, ასევე სახელმწიფოს პოლიტიკა ტურიზმის სფეროში და ორი სარეკომენდაციო წერილი.

"ინფორმაცია კონკურსის შესახებ და საკვალიფიკაციო მოთხოვნები გამოქვეყნდება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე www.hr.gov.ge და სამინისტროს საიტზე. გამოქვეყნებიდან ათი დღის ვადაში მსურველებს შეეძლებათ განაცხადი წარადგინონ საჯარო სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით. კონკურსს ჩაატარებს სამინისტროში არსებული საატესტაციო კომისია", - განაცხადა ღონღაძემ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობას გიორგი სიგუა იკავებდა, რომელიც 4 აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა.