რა არის კერძო კაპიტალის ფონდი და რა უნდა ვიცოდეთ მისი სტრუქტურის შესახებ

მსოფლიოში კერძო კაპიტალის ფონდების სექტორი ძალიან ახალგაზრდაა. ის მხოლოდ 45 წელს ითვლის. თუმცა ამ პერიოდის განმავლობაში კერძო კაპიტალის ფონდებმა დიდი გამოცდილება დააგროვეს და უკვე დღეის მდგომარეობით, ისინი მთლიანად 4,5 ტრილიონი დოლარის აქტივებს მართავენ. ამ დროისთვის მსოფლიოს მასშტაბით 8 000-მდე კერძო კაპიტალის ფონდია რეგისტრირებული, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისადა მუშაობენ.

საქართველოში საფინანსო სექტორის ეს მიმართულება ახლა ვითარდება. კერძო კაპიტალის ფონდის პრინცით მუშაობს „სინერჯი კაპიტალი“, რომელიც სინერჯი ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და ბაზრის ამ სეგმენტში წელიწადზე მეტია, რაც ოპერირებს.

რაც შეეხება თავად კაპიტალის ფონდის სტრუქტურას და საქმიანობას, მას საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ამიტომ ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ ფონდის მუშაობის შესახებ ინფორმაციას.

კერძო კაპიტალის ფონდის მისიაა ინვესტიცია განახორციელოს საშუალო ან გრძელვადიანი პერიოდით, ზრდის მაღალი პოტენციალის მქონე კომპანიებში, ამასთან, ხელი შეუწყოს და დაეხმაროს კომპანიებს ზრდაში და განვითარებაში.

კერძო კაპიტალის ფონდი რამდენიმე სტრუქტურისგან შედგება, მათ შორის ერთ-ერთი მთავარია შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორი, (LP), რომელიც წარმოადგენს ინვესტორს. ამ უკანასკნელს გააჩნია სრული ვალდებულება, ასევე პასუხისმგებელია საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავებაზე, ინვესტიციის პროცესის განხორციელებაზე და შემდგომ ინვესტიციიდან გამოსვლაზე. ამასთან, შესაძლოა, ცალკე იყოს წარმოდგენილი ფონდის მმართველი კომპანია.

ახლა რაც შეეხება თითოეულ მათგანს და მის ფუნქციებს კერძო კაპიტალის ფონდი არის კომპანია, რომელსაც გააჩნია გარიგების დადების ექსპერტიზა და ასევე გეგმავს ინვესტიციის, ფონდის ზრდის, გასვლის სტრატეგიებს. ის კერძო კაპიტალის ფონდის ორ ცალკეულ, მაგრამ დაკავშირებულ იურიდიულ პირს აერთიანებს: მთავარ პარტნიორს (GP) და საინვესტიციო მენეჯერს. ჩვეულებრივ, ძირითად მენეჯმენტს და დირექტორატს კერძო კაპიტალის ფონდის გუნდის წევრები იკავებენ.

შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორი (LP) წარმოადგენს ინვესტორს ან ფონდის კომპანიების ყველაზე დიდი წილის მქონე ორგანოს. ისინი წარმოდგენილები არიან როგორც პასიური ინვესტორები და მათი ვალდებულება მათ მიერვე ინვესტირებული თანხით შემოიფარგლება. შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორები წარმოადგენენ მხოლოდ ფინანსურ ინვესტორებს და არ არიან ჩართულნი ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე როგორც ფონდის მენეჯმენტში ან მათ პორტფელურ კომპანიებში, მათი შეზღუდული პასუხისმგებლობის უფლების გათვალისწინებით. ისინი უზრუნველყოფენ კაპიტალს ინვესტიციისთვის, როდესაც კერძო კაპიტალის ფონდი წარმოიქმნის ამ საჭიროებას, სანაცვლოდ კი ისინი იღებენ სარგებელს თანამონაწილეობიდან, კომპანიიდან წარმატებით გამოსვლის დროს.

მთავარი პარტნიორი (GP) სრულიად პასუხისმგებელია ფონდის მენეჯმენტზე და მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ყველა მხარეზე. მას გააჩნია პასუხისმგებლობა, იმოქმედოს ფონდის ინვესტორების ინტერესებიდან გამომდინარე.

საინვესტიციო მენეჯერი ჩართულია კერძო კაპიტალის ფონდის ყოველდღიურ საქმიანობაში. ის აფასებს საინვესტიციო შესაძლებლობებს, სთავაზობს საკონსულტაციო სერვისებს ფონდის პორტფელურ კომპანიებს და აორგანიზებს ფონდის აუდიტს და რეპორტინგს.

პორტფელური კომპანია თავისი საქმიანობის პერიოდში კერძო კაპიტალის ფონდი შეზღუდული რაოდენობის ინვესტიციებს ახორციელებს, საშუალოდ 10-15 კომპანიაში, რომლებიც ქმნიან საინვესტიციო პორტფელს. აღნიშნული კომპანიები ასევე მოიხსენიება საინვესტიციო ან სამიზნე კომპანიებად. კერძო კაპიტალის ფონდის წარმატება თუ წარუმატებლობა განისაზღვრება მისი შესაძლებლობით/უნარით 3-დან 7 წლამდე პერიოდში გაყიდოს პორტფელური კომპანიების წილი მოგებით.

ტრადიციული კერძო კაპიტალის ფირმის ბიზნეს მოდელი ემყარება როგორც ფონდებისთვის კაპიტალის წარმატებით მოზიდვას, ისე მიზნობრივი შემოსავლის მიღებას კაპიტალის ეფექტური დაბანდებისა და უკუგების მიღების გზით. კერძო კაპიტალის ფონდები სტრუქტურირებულია იმგვარად, რომ შეზღუდული პარტნიორობა, როგორც წესი, გრძელდება 10-წლიანი ვადით პლუს ორი ერთ წლიანი გახანგრძლივების შესაძლებლობით. ზოგადად, გენერალური პარტნიორი კაპიტალის დაბანდებას ახორციელებს ფონდის არსებობის პირველი 4-5 წლის განმავლობაში, ხოლო უკუგების მიღებას - დარჩენილ წლებში. ორი დამატებითი წელი გენერალურ პარტნიორს აძლევს საშუალებას გაახანგრძლივოს ფონდის არსებობა, შეხედულებისამებრ, იმ შემთხვევაში, თუ საჭირო იქნება დამატებითი დრო ყველა პორტფელიდან წარმატებით გამოსასვლელად.

მსოფლიოს Top-5 კერძო კაპიტალის ფონდი, რომელთა აქციების ღირებულება 1,1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს

1.ბლექსთოუნ ჯგუფი (The Blackstone Group) - ეს ფონდი 1985 წელს პიტერ პიტერსონისა და სტეფან შვარცმანის მიერ დაარსდა. სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ამჟამად მთლიანად კომპანიაში დასაქმებულია 2,360 ადამიანი. მისი პორტფელური კომპანიების რიცხვი 95-ს აღწევს, ხოლო მათი წლიური შემოსავალი $79 მილიარდს. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ფონდს მოზიდული აქვს $58.3 მილიარდი. ჯამში „ბლექსთოუნ ჯგუფი“ $457 მილიარდის ოდენობის აქციების მფლობელია. „ბლექსთოუნ ჯგუფის“ პორტფელური კომპანიებია: Vivint , Scout 24, Service King Collision Repair Centers, Versace და სხვა.

2. კარლაილ ჯგუფი (The Carlyle Group) - ეს ფონდი დაარსდა 1987 წელს. მისი დაფუძნებლები არიან: ვილიამ კონვეი, სტეფან ნორისი, დეივიდ რუბენშტეინი, დენიელ დენიელო, გრეგ როსენბაუმი. ხუთივე დაფუძნებელს ჰქონდათ სერიოზული სამუშაო გამოცდილება საფინანსო და სამთავრობო სფეროებში. „კარლაილ ჯგუფის“ სათაო ოფისი ვაშინგტონში მდებარეობს და ჯამში კომპანიაში დასაქმებულია 1,600 ადამიანი. ფონდის პორტფელური კომპანიების რიცხვი 200-ს აჭარბებს, მფლობელია ჯამში $201 მილიარდის აქციების, ხოლო ბოლო 5 წელიწადში მოზიდული აქვს $40.1 მილიარდი. პორტფელური კომპანიების სიაშია: Centennial Resource Production, DiscoverOrg Holding, Ortho-Clinical Diagnostics, The Nature’s Bounty, Veritas Holdings, Wesco Aircraft Holdings და სხვა.

3. კოლბერგ კრავის რობერტსი (Kohlberg Kravis Roberts) – 1976 წელს ჰენრი კრავისის, ჯერომე კოლბერგისა და ჯორჯ რობერტსის მიერ დაარსებულ კერძო კაპიტალის ფონდში დღეს 1 184 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს. ამ დროისთვის „კოლბერგ კრავის რობერტსის“ აქციების ღირებულება $195 მილიარდს შეადგენს. კომპანიის პორტფელში შედის: First Data, GoDaddy, Lyft, PEMEX Midstream, UFC და სხვა.

4.TPG ჯგუფი (TPG Capital), რომლის აქციების ღირებულება $70 მილიარდს შეადგენს, 1992 წელს დეივიდ ბონდერმენის, ჯეიმს ქოულტერის და ვილიამ პრაისის მიერ არის დაარსებული. დაფუძნებიდან დღემდე ფონდს განხორციელებული აქვს 175 ტრანზაქცია. სათაო ოფისი ტექსასის შტატში ქალაქ ფორტ ვორსში მდებარეობს, კომპანიაში დასაქმებულია 1,134 ადამიანი. მთავარი პორტფელური კომპანიებია: Neiman Marcus, Harrah’s Entertainment, First Data, Univision Communications.

5. უმსხვილესი კერძო კაპიტალის ფონდების ხუთეულში შედის აპოლო გლობალ მენეჯმენტი (Apollo Global Management) , რომელიც 1990 წელს დრექსენ ბურნჰამ ლამბეტიმ დააფუძნა. სათაო ოფისი ნიუ-იორკში მდებარეობს და ამჟამად დასაქმებულია 1,100 ადამიანი. კომპანიის აქციების ღირებულება $248.9 მილიარდია. კომპანიის პორტფელში შედის: ADT, Claire’s, Ceasers Entertainment, CareerBuilder, Qdoba, Rackspace და სხვა.