საქართველოს ყველაზე დიდი და მძლავრი ჰესის, „ენგურჰესის“ დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი დაახლოებით 40 %-ია, - ჰესებთან დაკავშირებული ინფორმაცია “ინტერპრესნიუსმა“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან გამოითხოვა.
კითხვაზე, საშუალოდ რამდენპროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ საქართველოში არსებული ჰიდროელექტროსადგურები, უწყებაში აცხადებენ, რომ საშუალოდ მარეგულირებელ ჰესებში, ანუ ჰესებში, რომელთაც რეგულირების მიზნით აქვთ წყალსაცავები, დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი 50%-ზე ნაკლებია.
„აღნიშნული კოეფიციენტი რაც მაღალია, მით უფრო დიდია სადგურის სარგებლიანობა და ფინანსურად მიმზიდველი - ინვესტორისთვის. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროპაში აღნიშნული კოეფიციენტი წყალსაცავიანი სადგურებისთვის, როგორც წესი, 50%-ზე ნაკლებია და რიგ შემთხვევებში შესაძლოა, 20%-ის ფარგლებშიც იყო,“ - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
ამასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, ტერმინები „დადგმული სიმძლავრე“ და „საპროექტო წლიური გამომუშავება“ არ ნიშნავს, რომ კონკრეტული სადგური 365 დღის განმავლობაში ამ სიმძლავრით მუშაობს და ყოველ წელს ამდენს გამოიმუშავებს.
„დადგმული სიმძლავრე ნიშნავს მაქსიმალურ სიმძლავრეს, რომელსაც ჰესი შეიძლება წელიწადში 4 თვის, ან თუნდაც რამდენიმე საათის განმავლობაში აღწევდეს, ხოლო წლიური გამომუშავება არის ჰესის ექსპლუატაციის პერიოდის განმავლობაში, რა იქნება საშუალო მრავალწლიური გამომუშავების მაჩვენებელი.
ენერგეტიკაში სადგურის დატვირთვისა და ეფექტურობის შესაფასებლად იყენებენ დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტს, რომელიც უშუალოდ დამოკიდებულია სადგურის მიერ გამოყენებული რესურსის ხელმისაწვდომობაზე, რაც, ჰესის შემთხვევაში, ჩამონადენი წყალია, რომელიც არ არის მუდმივი და სეზონურობით ხასიათდება,“ - განმარტავენ უწყებაში.