დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობაზე ჯარიმა იზრდება.
აღნიშნული ცვლილება "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" პარლამენტმა მიმდინარე წელს დაამტკიცა. კერძოდ, უბილეთო მგზავრობაზე აქამდე არსებული 5 ლარიანი ჯარიმა დღეიდან 20 ლარამდე გაიზარდა.
ამასთან, კანონში გაწერილია, რომ მგზავრი დღეიდან ვალდებული იქნება მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის უბილეთო მგზავრად ჩაითვლება.
ამასთან, ჯარიმის 30 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირს ეკისრება საურავი. კოდექსში შესული ცვლილებით, საურავის ოდენობა 50 ლარიდან 40-ლარამდე შემცირდა.
საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში კი დამრღვევის მიმართ კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.