ქართული ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის მიზნით, მიმდინარე წლის 6 თვეში, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ალკოჰოლური სასმელების კომპანიებში 72 საინსპექციო კონტროლი განახორციელა.
ინსპექტირებისას აღებული 400 ნიმუშიდან, სერტიფიკატის გაცემაზე კომპანიას უარი 15 შემთხვევაში ეთქვა. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოდან იუწყებიან.
მათივე ინფორმაციით, ამასთან ერთად, სახელმწიფო კონტროლისა და სახელმწიფო ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმება 28 კომპანიაში ჩატარდა, საიდანაც აღებული იყო 1000-მდე ნიმუში. 7 კომპანიაში აღმოჩნდა გარკვეული სახის დარღვევები, რაზედაც განხორციელდა კანონით განსაზღვრული ქმედებები.
ამავე პერიოდის მონაცემებით, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიამ ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 120 დეგუსტაცია ჩაატარა. სულ წარმოდგენილი იყო 4640 ნიმუში, მათგან 415 შეფასდა უარყოფითად, დანარჩენი დადებითად.