თურქეთში მაღალი შემოსავლის მქონე და ძვირადღირებული სახლების მფლობელი ადამიანებისათვის გადასახადების დაწესება დროებით გადაიდო. კანონპროექტის განხილვას, რომელიც ახალი გადასახადების დაწესებას ითვალისწინებს, თურქეთის პარლამენტი საშემოდგომო სესიებზე დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, კანონპროექტის მიღება მიმდინარე წლის ოქტომბრამდე გადაიდება, რისი მიზეზიც 15 ივლისიდან თურქეთის პარლამენტის მუშაობის დროებითი შეჩერება და საზაფხულო არდადეგების დაწყებაა.
თურქეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, თურქეთის ცენტრალური ბანკი დამატებითი შემოსავლის სახით 46 მილიარდ თურქულ ლირას ( 8 მილიარდი აშშ $) მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ კანონის მიღების შემდეგ, იმ ადამიანებს, რომელთა წლიური შემოსავალიც 1 მილიონ ლირას ( 177 400 აშშ $) აღემატება, გადასახადები 50%-ით გაეზრდებათ. ძვირადღირებული და მდიდრული სახლების მფლობელებს კი 35%-ით მეტი გადასახადის გადახდა მოუწევთ.
თურქულ მედიაში აცხადებენ, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალურ კომენტარს ქვეყანაში დაბრუნების შემდგომ გააკეთებს. ერდოღანი გასულ კვირას იაპონიაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე იმყოფებოდა, რის შემდეგაც ის ჩინეთში გაემგზავრა.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა