აშშ-ში 94 წლის ასაკში საავტომობილო ინდუსტრიის ერთ-ერთი საუკეთესო ტოპ-მენეჯერი, საკულტო სპორტული ავტომობილის Ford Mustang-ის შემქმნელი ლიდო ენტონი იაკოკა გარდაიცვალა. როგორც მისი ქალიშვილი აცხადებს, გარდაცვალების მიზეზი პარკინსონის დაავადებით გამოწვეული გართულებები გახდა.
კარიერა იაკოკამ 1946 წელს, პრინსტონის უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, კომპანია Ford-ში დაიწყო, რამდენიმე ხნის შემდეგ კი მმართველ პოზიციაზე გადავიდა. მისი მმართველობის პერიოდში და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შეიქმნა საკულტო ავტომობილი Ford Mustang-ი. მისივე მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს კომპანიის სამოდელო გამაში წინაამძრავიანი მცირელიტრიანი მოდელების გამოჩენა, მაგალითად, მოდელისა Ford Fiesta.
1978 წელს კომპანიის დამფუძნებლის მეორე შვილიშვილმა ჰენრი ფორდმა იაკოკა კომპანიიდან გაათავისუფლა. როგორც ის მოგვიანებით მემუარებში წერდა, ფორდი ამ ნაბიჯზე იმიტომ წავიდა, რომ მუსტანგის შემქმნელი მმართველზე უფრო პოპულარული ხდებოდა. მაგრამ რეალურ პრობლემად შეიძლება ჩაითვალოს სხვა მნიშვნელოვანი რამ - 1973 წლის Ford Pinto-ში აღმოჩნდა კრიტიკული დეფექტი, რომელსაც შეჯახების დროს ავტომობილის აფეთქების გამოწვევა შეეძლო. იაკოკა ხვდებოდა, რომ ეს რისკი გაჩნდებოდა, თუმცა არაფერი მოიმოქმედა და ეს ავტომობილი წარმოებაში ჩაუშვა. შედეგად კი კომპანიას 1978 წელს მოუწია ორი მილიონი Pinto-ს გაწვევა. აქედან ერთი თვის შემდეგ ის კომპანიიდან გაათავისუფლეს.
Ford-დან იაკოკა Chrysler-ის ხელმძღვანელის პოსტზე გადავიდა, რომელიც იმ დროს გაკოტრების პირას იყო. იაკოკას ხელმძღვანელობის პირობებში კი მოხერხდა მისი მდგომარეობის გამოსწორება და კომპანიამ აშშ-ის ხელისუფლებას 1,2 მილიარდის ვალი დაუბრუნა.