რუსეთის მოქალაქეების მხრიდან საქართველოსა და თურქეთში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა გაიზარდა. როგორც Kommersant.ru წერს, 2019 წლის პირველ ნახევარში, რუსების დიდი ნაწილი ბინის შეძენას გეგმავს თურქეთში და მათი რაოდენობა 3-ჯერ არის გაზრდილი, საქართველოში ბინის შეძენის მსურველთა რაოდენობა კი 5-ჯერ არის გაზრდილი.
რუსი ანალიტიკოსების თქმით, ის რომ, უძრავი ქონება თურქეთში უცხოელებისთვის საინტერესოა, ქვეყნის სტატისტიკის ინსტიტუტის მონაცემებიც მოწმობს. 2019 წლის მაისის მონაცემების მიხედვით, გასულ წელთან შედარებით, ქონების გაყიდვები 31,3%-ით გაიზარდა.
თურქეთში უძრავი ქონების ყველაზე ხშირი მყიდველები არიან ერაყისა და ირანის მოქალაქეებიც. შემდეგ მოდიან რუსეთის, ავღანეთისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები არიან. თურქეთში უძრავ ქონებაზე მაღალი მოთხოვნის ერთ-ერთ მიზეზად ლირის გაუფასურებას ასახელებენ. წლის პირველ ნახევარში ლირა დოლართან მიმართებაში 8%-ით გაუფასურდა.
„გარდა ამისა, თურქეთში ქონების შეძენა ნიშნავს იმას, რომ ბინადრობის უფლებას იღებ. თურქეთში უძრავი ქონების მთავარი მყიდველები კი პენსიონერები არიან“, - წერს გამოცემა.
Kommersant.ru წერს, რომ ამასობაში, რუსეთთან კონფლიქტში მყოფი საქართველო უძრავი ქონების თვალსაზრისით, რუსებში უფრო პოპულარული ხდება.
Prian.ru-ს გამოთვლების თანახმად, 2019 წლის პირველ ნახევარში, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში უძრავ ქონების შეძენაზე აპლიკაციების რაოდენობა 4,7-ჯერ გაიზარდა.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანამ რეიტინგების მაჩვენებლებში 23-დან 15-ე ადგილზე აიწია.
„ამას აქვს თავისი წინაპირობები. ქვეყნის კანომდებლობა უცხოეთის მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, უძრავი ქონება შეიძინონ, ხოლო ფასები მიმზიდველია“, - ნათქვამია სტატიაში.
როგორც გამოცემა წერს, საკურორტო ზონების გარდა, საქართველოში ინვესტიციების განხორციელება სხვა მიმართულებებითაც არის შესაძლებელი და ადგილობრივი მენეჯერების განცხადებით, სარგებელი 20-25%-ს შეადგენს.
უძრავი ქონების მიმართულებით ექსპერტი, ანასტასია ფალე Kommersant.ru-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ რუსეთთან ურთიერთობების დამძიმება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მიმართ ინტერესი შემცირდება. მისი თქმით, გასული კვირის მაჩვენებლებს საქართველოს მიმართ ინტერესის შემცირება არ უჩვენებიათ.
მოამზადა მარიამ მენაბდიშვილმა