"ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს - ეს სერიოზული დამოკიდებულებაა რუსეთზე და გვჭირდება ბაზრების დივერსიფიცირება"

იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს. ეს ძალიან სერიოზული დამოკიდებულებაა რუსეთზე და გვჭირდება ბაზრების დივერსიფიცირება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „ფქვილის იმპორტიორთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ განუცხადა.

როგორც სილაგავა აცხადებს, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, რამდენად მნიშვნელოვანია საიმპორტო ბაზრების დივერსიფიცირება და რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.

„ყველა ის მიმართულება, რომელიც რუსეთთან სერიოზულ კავშირშია, რისკის ქვეშაა. ვნახეთ ტურისტული ემბარგო, შემდეგ საუბარი იყო ღვინოზე, ყველაფერი ეს განაპირობებს ჩვენს მოლოდინებს, რომელიც შეიძლება დადგეს, რამდენადაც იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს. ეს ძალიან სერიოზული დამოკიდებულებაა რუსეთზე და გვჭირდება ბაზრების დივერსიფიცირება“, - აცხადებს სილაგავა.

მისივე თქმით, რუსეთი ხორბალთან დაკავშირებით პირდაპირ შეზღუდვებს არ აწესებს, თუმცა არის გარკვეული სიგნალები, რაც იმაში გამოიხატება, რომ ხდება იმპორტის დაყოვნება.

„გარკვეული სიგნალები არის ბოლო პერიოდში რუსეთიდან, თუმცა ესაა პატარ-პატარა მონაკვეთებში და ტენდენციის სახე არ აქვს. საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ყოველთვის არ იყენებს პირდაპირ შეზღუდვებს, მაგრამ აქვს შეზღუდვები ხარისხობრივ მაჩვენებლებთან, რაც იწვევს საბუთების დაყოვნებას და სატრანსპორტო საშუალებების მოცდენას, რაც შეიძლება აისახოს ფასზე ან შეიძლება უბრალოდ ხორბლის შემოსვლა შეიზღუდოს,"-განაცხადა ლევან სილაგავამ.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა პურის ფასის მატება, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, როგორც ეს გასულ წელს მოხდა, სილაგავა აცხადებს, რომ დღესდღეობით ფასების მატების წინაპირობა არ არსებობს, რადგან ქვეყანას ხორბლის გარკვეული მარაგები აქვს.

„იმ რაოდენობით ფასის მატებას არ ველოდებით, მაშინ იყო მარაგების კრიზისული რაოდენობა. გვაქვს კომუნიკაცია პურის მწარმოებლებთან და ვფიქრობთ, რომ ფასი იქნება სტაბილური,"-განაცხადა სილაგვამ.