"საქართველოს 3000 მოქალაქეს ეძლევა შანსი, დასაქმდეს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზარზე"

ჩვენ მოვიწვევთ გლობალურ მოთამაშეებს ICT სფეროში, რომლებიც გადაამზადებენ საქართველოს 3000 მოქალაქეს, რომ ისინი გახდნენ მაღალი დონის პროფესიონალები, თამამად ჩაერთონ გლობალურ გამოწვევებში, შევიდნენ და გახდნენ სრულყოფილი მონაწილეები საერთაშორისო დასაქმების ბაზარზე, რითაც ძალიან დიდ წვლილს შეიტანენ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა, სადაც საერთაშორისო ტენდერი ICT - საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს 3000 სპეციალისტის გადასამზადებლად გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ICT სფეროს ტრენინგ-პროვაიდერები და IT კომპანიები.

პროგრამის ფარგლებში, 2019 წლის შემოდგომიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა გაიაროს უფასო კურსი პროგრამირების, მონაცემთა ბაზების, კიბერუსაფთხოების, ქსელების, პროექტმენეჯმენტის, დიაზაინის, ბლოკჩეინის და სხვა მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით და მოიპოვოს საერთაშორისო ბაზარზე აღიარებული სერტიფიკატი. შერჩევის შედეგად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროს მოქმედი 3000 ადგილობრივი სპეციალისტი გაივლის მაღალკვალიფიცირებულ სწავლებას, რაც მიზნად ისახავს ICT სექტორის გაძლიერებას საქართველოში და სერვისების ექსპორტის ხელშეწყობას.

„ჩვენი უხეში გათვლებით, ეს არის წელიწადში, დაახლოებით დამატებითი 200-300 მილიონ დოლარამდე ღირებულების შრომითი ბაზარი და მისი პირდაპირი ბენეფიციარები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც გაივლიან კურსს სრულყოფილად, მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატებს და გარანტირებულად დასაქმდებიან უკვე გლობალური მასშტაბით“, - განაცხადა ნიკოლოზ ალავიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, გლობალურ ტექნოლოგიების ბაზარზე კვალიფიციური კადრების დიდი მოთხოვნაა, თუმცა, მიწოდება ამ ნაწილში ძალიან დაბალია.

„შესაბამისად, ამისთვის არის საერთაშორისო სასერტიფიკატო პროგრამები, რომლებიც მოიცავს საკმაოდ ხანგრძლივ, მაგრამ სიღრმისეული განათლების კურსებს - მათი წარმატებით გავლისა და შესაბამისი სერტიფიკატით აღჭურვის შემთხვევაში, ბენეფიციარი გარანტირებულია, რომ დასაქმდება საერთაშორისო ტრანსნაციონალურ კორპორაციაში. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია იგი გეოგრაფიულად პლანეტის რომელიმე ადგილზე იყოს, წარმატებით შეიძლება ამ სამუშაოს გაწევა, მაგალითად, საქართველოდან“, - აღნიშნა ალავიძემ.

პროგრამა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მთლიანი ბიუჯეტი 2,5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.