გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა და მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა საერთაშორისო აგრარული კომპანიის „OLAM“ საქართველოში წარმომადგენელ უფუკ ოზუნგუნთან გამართულ შეხვედრაზე საქართველოში თხილის ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობები განიხილეს.
„თხილის სექტორის განვითარება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზანია. საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში გაჩენილმა ინვაზიურმა მავნებელმა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საექსპორტო პროდუქტს - თხილს დიდი ზარალი მიაყენა. მავნებელთან ბრძოლის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მასშტაბური ღონისძიებები ეფექტიანად ხორციელდება. ჩვენი მიზანია, თხილის ექსპორტის ძველ ნიშნულს დავუბრუნდეთ. მავნებელთან ბრძოლის, ინტენსიური ბაღების გაშენებისა და ჯიშების განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვანია ლაბორატორიული შესაძლებლობების გაზრდა, ასევე, თანამედროვე ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება,“ - აღნიშნა შეხვედრაზე გიორგი ხანიშვილმა.
ხატია წილოსანმა საერთაშორისო აგრარული კომპანიის „OLAM“ წარმომადგენელს საქართველოში თხილის სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილემ ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში გათვალისწინებული კვების უსაფრთხოების კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია. რა თქმა უნდა, თხილის ხარისხზე საუბარი საერთაშორისო სტანდარტების მრავალკომპონენტიანი ლაბორატორიული კვლევის გარეშე არასერიოზულია. შესაბამისად, მზად ვართ, ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა სათანადო ლაბორატორიული აღჭურვილობის გადმოცემით, ცოდნის და გამოცდილების გაზიარებით დავაფიქსიროთ. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ქალაქ ზუგდიდის ლაბორატორიის შესაძლებლობები, რადგან ქართული თხილის დიდი ნაწილის წარმოება სწორედ ზუგდიდში ხდება“, - განაცხადა უფუკ ოზუნგუნმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მრჩეველი გიორგი სვანიძე და სამინისტროს ლაბორატორიის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.