აშშ-ჩინეთს შორის მოლაპარაკება მომდევნო კვირაში განახლდება

შეერთებული შტატების და ჩინეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, მომდევნო კვირაში მოლაპარაკებათა განახლებისთვის ემზადებიან.

მსოფლიოს ორი უდიდესი ეკონომიკის მიზანი, სავაჭრო ომის შეწყვეტა და ნორმალური ვაჭრობის რეჟიმში დაბრუნებაა.

თეთრი სახლის ეკონომიკის საკითხების მრჩეველი ლარი კუდლოუ ამბობს, რომ სატელეფონო ხაზით მოლაპარაკებისას, პირველ რიგში, შეხვედრების განრიგის შეთანხმება ხდება.

შეერთებული შტატების მხრიდან მოლაპარაკებაში სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ლაითიზერი და ხაზინის მდივანი სტივენ მნუჩინი ჩაერთვებიან. ჩინეთის დელეგაციას კი ვიცე პრემიერი ლიუ ჰე უხელმძღვანელებს.

მხარეებს შორის სატელეფონო კომუნიკაცია მას შემდეგ განახლდა, რაც ოსაკაში, G20-ის სამიტზე, აშშ-ის და ჩინეთის პრეზიდენტები, დონალდ ტრამპი და სი ძინპენი შეხვდნენ.

ორ ქვეყანსა შორის მოლაპარაკება მაისში მას შემდეგ შეწყდა, რაც შეერთებულმა შტატებმა ჩინეთი ინტელექტუალური საკუთრების უკანონოდ დაუფლების ხელის შეწყობაში დაადანაშაულა. ამერიკელთა ბრალდებით, ჩინეთში მოქმედი წესები, ამერიკულ კომპანიებს თავიანთი ჩინელი პარტნიორებისთვის უახლესი ტექნოლოგიების გაზიარებას აიძულებს. სხვაგვარად, ისინი ჩინეთში ბიზნესის წარმოებას ვერ შეძლებენ. ეს ერთ-ერთი ძირითადი საკითხია, რომლის შეცვლასაც აშშ ჩინეთისგან მოითხოვს. მაგრამ ჩინური მხარე ბრალდებას უარყოფს და შესაბამისად თვლის, რომ შესაცვლელი არაფერია.

ოსაკაში მოლაპარაკების შემდეგ, ტრამპი დათანხმდა, რომ ჩინურ პროდუქციაზე ტარიფების ზრდას შეაჩერებს და ჩინურ კომპანია „ჰუავეიზე“ შეზღუდვებს შეამსუბუქებს. ჩინეთმა ამით კმაყოფილება გამოთქვა, თუმცა ქვეყნის კომერციის მინისტრის წარმომადგენელმა გაო ფენმა განაცხადა, რომ სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად აუცილებელია იმ ტარიფების გაუქმება, რომლებიც ამერიკულმა მხარემ ჩინურ პროდუქციაზე დააწესა.