AtlasGlobal-ი თბილისი-მოსკოვის მგზავრებს ფრენებს სტამბოლის გავლით სთავაზობს

თურქული ავიაკომპანია AtlasGlobal-ი, რომელიც საქართველოს ბაზარზე 1- წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება, 16 ივლისიდან თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ან პირიქით, გადაადგილების მსურველებს ფრენებს სტამბოლის გავლით სთავაზობს. როგორც კომპანიის ოფიციალურ გვერდზე წერია, ავიაკომპანია სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის მიმართულებაზე რეგულარული ავიარეისების შესრულებას 16 ივლისიდან შეუდგება და კვირაში 4 სიხშირით იფრენს.

„ყველა მგზავრს, რომელსაც სურს მოგზაურობა თბილისსა და მოსკოვს შორის, ვთავაზობთ რეისებს სტამბოლის გავლით“, - აღნიშნულია AtlasGlobal-ის განცხადებაში.

ცნობისათვის, ავიაკომპანია AtlasGlobal-მა საქართველოს ავიაბაზარი 2018 წლის 26 აპრილიდან დატოვა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, 8 ივლისიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისები აიკრძალება. ამის მიზეზად ვლადიმერ პუტინმა საქართველოში მიმდინარე აქციები დაასახელა, სადაც, მისი თქმით, ანტირუსული მოწოდებები კეთდება.