„აგვისტოში სასწაულს ელოდეთ“ - საბურთალოს ფილიალის რებრენდინგის შემდეგ თბილისში კიდევ ერთი „მაკკაფე“ გაიხსნება

საბურთალოს „მაკდონალდსის“ რებრენდინგი ერთ თვეში დასრულდება და უკვე აგვისტოს დასაწყიში, ადგილზე მისულ მომხმარებლებს სრულიად განსხვავებული „მაკკაფე“ დახვდებათ. როგორც ბიზნესმენი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, პროცესში ჩართულია „მაკდონალდსის“ სათაო ოფისიც, რათა აღნიშნული ფილიალი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყოს.

ამასთან, ბიზნესმენი საქართველოში რიგით მეოთხე „მაკკაფის“ ლოკაციასაც აანონსებს და ამბობს, რომ ის აეროპორტის გზაზე განთავსდება.

ცნობისთვის, „მაკდონალდსმა“ პირველი „მაკკაფე“ საქართველოში თებერვალში, ვაკეში გახსნა, მოგვიანებით კი ბათუმში. როგორც თემურ ჭყონია ამბობს, დამატებით კიდევ ორი „მაკკაფეს“ გახსნა, სწორედ აღნიშნული ობიექტების დიდმა პოპულარობამ განაპირობა.

„ეს არის ახალი მიმართულება. ჩვენ ვაკეში სწორედ ამ კონცეფციის ფარგლებში გავხსენით „მაკ-კაფე“ და „მაკდონალდსი“ ერთად. შედეგი იმდენად კარგი იყო, რომ დავიწყეთ საბურთალოს ფილიალის გადაკეთებაც. შემდეგი იქნება აერპორტის გზაზე. ფაქტი ერთია, რომ „მაკკაფეს“ აქვს საუკეთესო ხარისხის ყავა და რაც მთავარია, ძალიან მოთხოვნადია.

რაც შეეხება საბურთალოს ობიექტის რებრენდინგს, ვერც კი წარმოიდგენთ, ისეთი იქნება. აგვისტოს დასაწყისში ელოდეთ სასწაულს. შიდა ინტერიერი იქნება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული. ამაში „მაკდონალდსი“ „ჰედ ოფისიც“ ჩართულია, რათა ის იყოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მთელს ევროპაში“,-აცხადებს თემურ ჭყონია.

ცნობისთვის, კომპანია „მაკდონალდსი" 119 ქვეყანაში 33 000-ზე მეტ კვების ობიექტს აერთიანებს. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი თბილისში, 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა. ამჟამად კი უკვე 15 რესტორნითა და 1000-ზე მეტი დასაქმებული ადამიანით ოპერირებს.

მსოფლიოში პირველი „მაკკაფე“ კი 1993 წელს მაკდონალდსის ბრენდის ქვეშ ავსტრალიაში გაიხსნა და დღეისთვის 1 300-ზე მეტი ფილიალი აქვს.

ნინი ქეთელაური