საქართველო რუსული გავლენებისგან თავისუფლდება - Universal Music Publishing Group-ი ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ წამომადგენლობას ხსნის

ბოლო პერიოდში, რუსული მხარე საქართველოში საავტორო უფლებების სფეროზე მმართველობის მოსაპოვებლად განსაკუთრებით, აქტიურობდა.

ოკუპანტი ქვეყანა ცდილობდა, გადაებირებინა „საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ წევრები და მსგავსი პროფილით მოქმედ რუსულ ორგანიზაციებში გაეწევრიანებინა.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავჯმდომარის, გიგა კობალაძის ინფორმაციით, 2000 წევრიდან რუსულ განწყობებს მხოლოდ 15-20 მათგანი იზიარებს. თუმცა რუსული მხარე მიზნებისთვის ბრძოლას ჯერ ისევ აგრძელებს.

ამ რეალობაში კი მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიოს უმსხვილესმა მუსიკალურმა გამომცემლობამ Universal Music Publishing Group-მა ჩვენს ქვეყანაში პირდაპირი წამომადგენლობა გახსნა

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში“(GCA) გაწევრიანების ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. უფრო კონკრეტულად, საქართველოში Universal-ის პირდაპირი წარმომადგენელი ქართული კომპანია GMI Rights Managment-ი (GMI) გახდა, რომელმაც ამის შესახებ პირდაპირი წარმომადგენლობის ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, ამ კონკრეტული ნაბიჯით საქართველოს ამ უდიდეს კომპანიასთან საქმიანი ურთიერთობისთვის რუსეთის ჩარევა აღარ მოუწევს.

აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე იმ მოსარგებლეებს, რომელთაც კონკრეტული ნაწარმოების გამოყენება სურდათ, თანხის ნაწილის რუსეთისთვის გადახდა უწევდათ, ახლა კი აღნიშნული თანხები სრულად საქართველოში გენერირდება.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში“ განმარტავენ, რომ მსგავსი პირდაპირი წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში პირველ პრეცედენტს წარმოადგენს და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთთან არსებული ურთიერთობების ფონზე. დღემდე, საქართველო დიდი მუსიკალური გამომცემლობების და Record Label-ების (Warner, Sony და სხვა) მიერ იფარებოდა და იფარება არა პირდაპირ, არამედ რუსეთის რეგიონული ოფისების მეშვეობით, რაც დიდ უხერხულობას ქმნის მოსარგელეთა მიერ ჰონორარის გადახდის კუთხით, რადგან მათ გადახდა რუსული კომპანიების სასარგებლოდ უწევთ. Universal-ის შემთხვევა ადასტურებს, რომ საქართველო ამ მხრივ საინტერესო ქვეყანა გახდა და ეს მაგალითის მიმცემი იქნება სხვა დიდი მსოფლიო მოთამაშეებისთვისაც.

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის“ თავჯმდომარის, გიგა კობალაძის შეფასებით, Universal Music Publishing Group-თან გაფორმებული ხელშეკრულება პოლიტიკურად და ეკონომიკურად პოზიტიურ ხასიათს ატარებს.

„პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადაიდგა. ბუნებრივია, სხვა დიდი გამომცემლებიც მიხვდებიან, რომ საქართველო უკვე მზად არის და ჩვენი ბაზარი განვითარებულია იმისთვის, რომ არა რომელიღაც რეგიონული და განსაკუთრებით, რუსული წარმომადგენლობის მეშვეობით ფარავდნენ ჩვენს ქვეყანას და არამედ, პირდაპირ აქ აფუძნებდნენ წარმომადგენლობას და პირდაპირი ხელშეკრულებებით უკავშირდებოდნენ მოსარგებლეებს.

გამარჯვებას ვერ მიაღწია რუსულმა მხარემ და ბუნებრივია, ვერც მიაღწევს, იმიტომ რომ კანომდებლობა არ აძლევს ამის საშუალებას. თუ განვაზოგადებთ, დაახლოებით, იმ ხელოვანთა ნაწილი, რომელიც რუსეთს ემხრობა, პროპორციულად ჩვენი წევრების იმავე პროცენტს წარმოადგენს, რაც ქვეყანაში ოკუპანტი ქვეყნის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელია“, - აღნიშნა გიგა კობალაძემ.

ხელშეკრულების ხელმოწერასა და პრეზენტაციას თავად არტისტებიც ესწრებოდნენ. მუსიკოს ნიკა მაჩაიძის თქმით, საქართველოს საავტორო უფლებების მაკონტროლებლად რუსეთის ფედერაცია სულაც არ სჭირდება.

„რატომ უნდა გადავუხადოთ რუსეთს საკომისიო, იმის გამო, რომ ჩვენ რომელიმე ამერიკელი მუსიკოსის შემოქმედებიდან რამეს ვიყენებთ?

ეჭვი მეპარება, რომ დღეს კიდევ გაგრძელდეს რუსეთის მხრიდან ჩვენზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობა, იმიტომ რომ ცოტა სასაცილოა ეს ყველაფერი. ჩვენ არ გვჭირდება, რომ რუსეთი ჩვენი საავტორო უფლებების კონტროლი იყო. არ მინდა, რომ ჩემი მუსიკის გამოყენებისთვის, ის, რაც მე უნდა გადამიხადონ, ჯერ რუსეთში წავიდეს და მერე ჩემთან მოვიდეს ჩამოჭრილი თანხა, იქ კი საკომისიო დაილექოს. მე ეს არ მინდა, ვისაც უნდა, პირდაპირ წავიდნენ და იქ იცხოვრონ“, - აღნიშნა ნიკა მაჩაიძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში.

Universal-თან გაფორმებული ხელშესრულების შესახებ პრეზენტაცია GMA Rights-ის მენეჯმენტის დირექტორმა ზურაბ ბეჟაშვილმა ჩაატარა.

მისი ინფორმაციით, მუსიკალურ გამომცემლობას მსოფლიოს 45 ქვეყანაში 47 წარმომადგენლობა აქვს და მართავს ისეთი არტისტების საავტორო უფლებებს, როგორებიც არიან: Coldplay, U2, ABBA, Adele, Bee Gees, Justin Bieber, Miley Cyrus, Eminem, Selena Gomez, Jimi Hendrix, Elton John, Linkin Park, Maroon 5, Britney Spears, Justin Timberlake და ბევრი სხვა.

როგორც ზურაბ ბეჟშვილმა განმარტა, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ვადებთან და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები კიდევ უფრო გამარტივდა.

„ასევე, შემცირდა გამოყენების ვადები, გამოყენების ფასი, იმიტომ რომ შუამავალი აღარ არსებობს და Universal-თან პირდაპირი კომუნიკაცია გვაქვს. ასევე, გვაქვს პოლიტიკური შეთანხმება, რომ საქართველოს ბაზრისთვის ფასები უნდა იყოს ადეკვატური. აქედან გამომდინარე, პროცედურები გამარტივდა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ყველა ორგანიზაციისთვის, რომელსაც მუსიკასთან რაიმე კავშირი აქვს“, - აღნიშნა მან.