სამწუხაროდ ერთმანეთს აცდენილია მერის PR აქტივობა და მისი რეალური საქმე,-ამის შესახებ თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.
შაქარიშვილის განმარტებით, ვერეს ხეობაში, სადაც 4 წლის წინ უდიდესი ტრაგედია დატრიალდა და სტიქიას 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, თბილისის მერიამ დღეს ორი მასშტაბური, მულტიფუნქციური ობიექტის მშენებლობის ნებართვა გასცა. ვატო შაქარიშვილი მერიის გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებს და აღნიშნულში კორუფციის ნიშნებს ხედავს. დეპუტატი მოუწოდებს მერიას, რომ მშენებლობა დაუყოვნებლივ შეაჩეროს.
„ვერეს ხეობაში, რომელიც მრავალჯერადი, უმკაცრესი შეზღუდვის ზონაა, მშენებლობის ნებართვის გაცემა სხვა არაფერია თუ არა უპასუხისმგებლობა და კორუფცია. განსაკუთრებით დასანანია, რომ აღნიშნული ნებართვები მერიის იმ ადმინისტრაციამ გასცა, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებაში ქაოტური მშენებლობის დასრულების დაპირებით მოვიდა. მიუხედავად ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილებისა და საზოგადოების აქტიურობისა, ვერეს ხეობაში მშენებლობა დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ, საჯაროდ მივმართავთ მერიას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მშენებლობა და გააუქმოს მის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები“,-აცხადებს შაქარიშვილი.
ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.