HSBC Expat-მა საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო Top-10 ქვეყანა დაასახელა. ათეულში მოხვდნენ შვეიცარია, თურქეთი, კანადა და ა.შ.
გთავაზობთ მსოფლიოში საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების ათეულს.
შვეიცარია - „საუკეთესო ქვეყანა საცხოვრებლად და სამუშაოდ“
მსოფლიოში საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნად შვეიცარია დასახელდა. აღსანიშნავია, რომ გასული 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მოხედვით, აღნიშნულ რეიტინგში პირველ ადგილს ყოველთვის სინგაპური იკავებდა. წელს კი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფომ მეორე ადგილზე გადაიცვლა და პირველობა შვეიცარიას დაუთმო.
გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ შვეიცარიაში მცხოვრები ადამიანების უმეტესობა საცხოვრებელი სტანდარტებითა და მაღალი ხელფასებით კმაყოფილია. აღსანიშნავია, რომ გასულ წლებში HSBC Expat-ის მიერ ჩატარებულ კვლევებში შვეიცარია მე-8 ადგილს იკავებდა.
ბოლო პერიოდში შვეიცარიაში გატარებულმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა რეფორმებმა ქვეყანაში ცხოვრების სტანდარტები მნიშვნელოვნად გაზარდა. გამოკითხულთა 82% აცხადებს, რომ კმაყოფილნი არიან შვეიცარიაში ცხოვრებით და მშობლიურ ქვეყანაში დაბრუნებას შვეიცარიაში დარჩენას ამჯობინებენ.
სინგაპური - „საუკეთესო ოჯახთან ერთად საცხვრებლად“
იმავე კვლევის მიხედვით, სინგაპური ოჯახებთან ერთად საცხოვრებლად საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ სინგაპური ბოლო 6 წელიწადია, რაც ოჯახებისათვის საუკეთესო ქვეყნად სახელდება. გამოკითხულთა 62%-ის აზრით სინგაპურს მსოფლიოში საუკეთესო განათლების სისტემა აქვს და ბავშვები უკეთესად ახერხებენ რამდენიმე უცხო ენის ერთად შესწავლას.
კანადა - „ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყანა“
კანადა მსოფლიოში ყველაზე სტუმართმოყვარე ქვეყნად დასახელდა. გამოკითხულთა 80% აცხადებს, რომ მათ კანადაში ინტეგრაცია არ გაუჭირდათ და ადვილად შეეგუვნენ ახალ გარემოს.
ესპანეთი - „ცხოვრების მაღალი დონე“
მომდევნო ადგილზე ესპანეთი გავიდა, სადაც გამოკითხულთა 67% აცხადებს, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები აქვთ და კარიერულ წინსვლასაც შედარებით მარტივად ახერხებენ.
ახალი ზელანდია - საუკეთესო ქვეყანა დიდი ხნით საცხოვრებლად“
ახალი ზელანდია ხანგრძლივი დროით ცხოვრებისათვის საუკეთესო ქვეყნად დასახელდა. კვლევის თანახმად გამოკითხულთა 60% აცხადებს, რომ ისინი ახალ ზელანდიაში დარჩენას რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებდნენ და გაცილებით უფრო დიდი ხნით დარჩებიან, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ. მათი უმეტესობა საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილია.
ზემოთ ნახსენები 5 ქვეყნის გარდა, "საცხოვრებლად და სამუშაოდ საუკეთესო ქვეყნების" ათეულში მოხვდნენ ავსტრალია, თურქეთი, გერმანია, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ვიეტნამი.
მოამზადა ბექა ბერიაშვილმა