„თამბაქოზე ფასის ყოველი 10%-იანი მატების დროს, მწეველთა რაოდენობა 3%-5%-ით მცირდება. თამბაქოზე ფასის ზრდა კი ჩვენი ვალდებულებაა“, - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემ, „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 2025 წლისთვის თამბაქოს ფასი ეტაპობრივად მოიმატებს და დაახლოებით 1000 ღერი 90 ევრო ეღირება.
„თამბაქოზე ფასის მატება არის ვალდებულება, ყველა ქვეყანა ეტაპობრივად უმატებს და ჩვენც გვაქვს იგივე ვალდებულება, მაგრამ ეს არ შეიძლება მოხდეს ნახტომისებურად. თამბაქოს კომპანიები აქციზის გარეშეც უმატებენ ფასს, როცა უნდათ მაშინ. ეს იმდენად არაელასტიურია, ხშირ შემთხვევაში, რომ 3% -5%-იანი შემცირება ხდება თამბაქოზე ფასის ყოველი 10%-იანი მატების დროს. ჩვენ 2025 წლისთვის უნდა გვქონდეს გარკვეული დონე, დაახლოებით 90 ევრო უნდა იყოს 1000 ღერზე. მანამდე უნდა მოხდეს ეტაპობრივად მომატება“, -განაცხადა აკაკი ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის 1-ლი იანვრიდან საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადი გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ ცვლილების შედეგად კომპანიებს კოლოფის ღირებულების 10%-ის ნაცვლად სახელმწიფოსთვის 30%-ის გადახდა უწევთ. ამასთან, 2019 წლიდან უფილტრო სიგარეტის აქციზი ღირებულება, ფილტრიანისას გაუთანაბრდა და ერთ კოლოფზე ლარსა და 70 თეთრს გაუტოლდა.
ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი