საბანკო რეგულაციების პარალელურად თბილისში ბინების შიდა განვადებებზე მოთხოვნა იზრდება. ამასთან, როგორც დეველოპერების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, მომხმარებლები ძირითადად გარეუბნებში მდებარე პატარა, სტუდიოს ტიპის ბინებით ინტერესდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მხრივ, ბოლო წლების ტენდენცია არ შეცვლილა.
რაც შეეხება ზოგადად ბინებზე მოთხოვნას, სამშენებლო კომპანია „ივერონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ მომხმარებლები ძირითადად პატარა ზომის ფართებს და ისიც, შიდა განვადებით ითხოვენ.
„სიმართლე გითხრათ, ზოგადად, ბინებზე მოთხოვნა ძალიან შემცირებულია (შემცირება დაახლოებით, 50%-ს აღემატება). ამის მიზეზი საბანკო რეგუალციებთან ერთად, ლარის არასტაბილურობა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითრებული მოვლენებია, ვგულისხმობ აქციებს. ეს ყველაფერი ერთიანობაში ბიზნესზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.
რაც შეეხება ბინების ტიპს, ძირითადად პატარა ზომის ფართებს ირჩევენ და აქაც შიდა განვადებებზეა მოთხოვნა“,-აცხადებს არჩილ ჯაყელი.
მისივე ინფორმაციით, მომხმარებლების უმრავლესობა გარეუბნებით ინტერესდება, ხოლო ის, ვისაც ბინა ცენტრალურ უბანში უნდა, როგორც წესი, დიდი ზომის ფართებს ირჩევს.
„უფრო მასიური გაყიდვები გარეუბნებში გვაქვს. ხოლო ცენტრალურ უბნებში შედარებით დიდი ფართის ბინებს ირჩევენ. რაც შეეხება სეგმენტს, ძირითადად ადგილობრივები არიან, მეტიც, მხოლოდ ერთი ბინა მახსენდება, რომელიც ევროპელებმა ძველ თბილისში შეიძინეს“,- აცხადებს არჩილ ჯაყელი.
კომპანია „არსის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ პატარა ზომის, დაახლებით, 60კვ.მ ფართობის ბინებზეა მოთხოვნა მათი კომპანიის შემთხვევაშიც. თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ტენდენცია მთელს თბილისშია.
„ძირითადი მოთხოვნა 60 კვ.მ ფართობის ბინებზე მოდის. მომხმარებლების დაახლოებით, 80% სტუდიოს ტიპის ბინებს ირჩევს. თუმცა ეს ტენდენცია მთელს თბილისშია.
რაც შეეხება ადგილებს, კონკრეტულად ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, მოთხოვნა უფრო გარეუბნებზეა“,- აცხადებს თორნიკე აბულაძე.
მისივე თქმით, ბინების შეძენის მსურველთა 97% ადგილობრივია, ხოლო 3% არარეზიდენტები.
რაც შეეხება ბინებზე ზოგად მოთხოვნას, თორნიკე აბულაძე ამბობს, რომ საბანკო შეზღუდვებმა ნეგატიური გავლენა იქონია. თუმცა, მერიის მიერ დაწესებულმა შეზღუდვებმა, მოთხოვნა შედარებით გაზარდა.
„მერიის მიერ დაწესებულმა რეგულაციებმა მშენებლობების რაოდენობა შეამცირა. ამან კი ბინებზე მოთხოვნა ცალსახად გაზარდა. ახლა, როგორც ვიცით, ეროვნული ბანკი სამშენებლო სექტორისთვის რეგულაციებს არბილებს და ვფიქრობთ, რომ მოთხოვნა კიდევ გაიზრდება. თუმცა, ზუსტი სტატისტიკა დაახლოებთ, თვენახევარში გვეცოდინება“,- აღნიშნავს თორნიკე აბულაძე.